Geo Flag2 EN Flag
Pin It

გაზ-67ბ (ГАЗ-67Б; GAZ-67B)

 

 gaz67 01

 

მწარმოებელი გორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
 მოდელი

გაზ-67ბ (ГАЗ-69Б; GAZ-69B)

გამოშვების წლები 1944 - 1953
ძარა  ფაეტონი, გამარტივებული, 2 თაღოვანი ღიობით კარების ნაცვლად. 4 ადგილი
 ტიპი

4 × 4, ორი წამყვანი ღერძი

ძრავა

ГАЗ-64-6004, 4 ცილინდრი,

3285 კუბ. სმ, 54 ცხ. ძ.

გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 4 საფეხურიანი.
მაქს. სიჩქარე  90 კმ./სთ.
ავზის მოცულობა  40 ლ.
საწვავის ხარჯი  14 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები 3350x1690x1700 მმ.
ტვირთამწეობა 450 კგ.
წონა 1320 კგ.

 

 

ГАЗ-67 -ის სერიული წარმოება 1943 წლის შემოდგომაზე დაიწყო, თუმცა ამ მარტივი და მსუბუქი ყველგანმავლის ისტორია 30-ანი წლების ბოლოდან იღებს სათავეს. მეორე მსოფლიო ომის მოახლოებამ, ასევე ფინეთთან წაგებულმა სამხედრო კონფლიქტმა საბჭოთა სარდლობას თვალნათლივ დაანახა ამგვარი მანქანის შექმნის აუცილებლობა. 1938 წლიდან გორკის ქარხანაში ოთხივე წამყვანი ბორბლის მქონე მსუბუქი ავტომობილის, ГАЗ-61 -ის პროექტზე წამოიწყეს მუშაობა, მაგრამ ეს ტექნოლოგიურად რთული და ძვირადღირებული მანქანა იყო, მისი მასობრივი წარმოების ათვისება შექმნილ ვითარებაში ვერ ხერხდებოდა.

ცოტა მოგვიანებით, 1940 წლის ივლისში აშშ-ს სამხედრო უწყებამ გაკოტრების პირას მყოფ კომპანია Bantam-ს 70 ცალი მარტივი და მსუბუქი ყველგანმავლის დამზადება დაუკვეთა, თანაც საცდელი ეგზემპლარის დასამზადებლად მხოლოდ 49 დღე იყო გამოყოფილი. მანქანას Bantam BRC დაერქვა.

gaz67 04

1941 წლის დასაწყისში ამავე კომპანიასთან დაიდო კონტრაქტი უკვე 1500 მანქანის მოწოდების შესახებ. მსუბუქი ყველგანმავლის კონსტრუქცია ამერიკელ სამხედროებს ისე მოეწონათ, რომ მისი ნახაზები დაუკითხავად გადასცეს კონკურენტ კომპანიებს – Willys-Overland -ს და Ford Motor -ს – მობილიზაციის პროგრამა ამის უფლებას იძლეოდა. სულ მალე ამ ტიპის მანქანები "ჯიპის" სახელით გახდნენ ცნობილნი მთელ მსოფლიოში.

სიტყვა "ჯიპის" წარმოშობის თაობაზე კამათი დღემდე არ წყდება. ერთ-ერთი ვერსიით, ის ამ მანქანების თანმხლებ საბუთებში ნახსენები სიტყვების, general purpose -ს აკრონიმია, მეორე ვერსიით ის მანქანის "ფორდისეული" ვარიანტის სახელიდან - Ford GPW -დან იღებს სათავეს, ეს ორი ვერსია ყველაზე მეტადაა გავრცელებული და მათ სისწორეში ეჭვს ვერ შევიტანდით, რომ არა ერთი გარემოება: ჯერ კიდევ 30-ანი წლების ბოლოს ამერიკელი სამხედროები რამდენიმე სამხედრო მანქანას "ჯიპს" ეძახდნენ, მათ შორის YB-17 ბომბდამშენ თვითმფრინავსაც კი.

იმასაც კი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცები "ჯიპს" ყველა ბორბლებიან მანქანას ეძახდნენ, მაგრამ ყველაზე დამაჯერებლად ასეთი ვერსია გამოიყურება: 30-ან წლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა კომიქსები და მულტფილმები მეზღვაურ პოპაიზე, რომლებშიც ფიგურირებდა ჯადოსნური ცხოველი იუჯინ ჯიპი (Eugene the Jeep). სწორედ აქედან წარმოდგება მსუბუქი სამხედრო ყველგანმავლების მეტსახელი. პრესაში სიტყვა "ჯიპმა" პირველად 1941 წლის 19 თებერვალს, გაზეთ Washington Daily News -ის სტატიაში გაიელვა, ხოლო 1950 წელს ის როგორც ოფიციალური სავაჭრო მარკა დაარეგისტრირეს.

1940 წლის შემოდგომაზე ჟურნალ Automoutive Industries -ში გამოქვეყნებული იყო სტატია, რომელშიც ნახსენები იყო Bantam BRC, ასევე გომოქვეყნებული იყო "ფორდის" პირველი ჯიპის საცდელი ვერსიის - Ford Pigmy -ს ფოტოები. სტატიამ საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ის იყო, რომ "ფორდი" უახლოეს მომავალში 30 ათასი ასეთი მანქანის გამოშვებას აპირებდა. მსგავსი ყველგანმავლის უმოკლეს ვადებში შექმნა გორკის ქარხანას დაევალა.

gaz67 05

კონსტრუქტორების განკარგულებაში მხოლოდ ჟურნალში დაბეჭდილი ფოტოგრაფიები, ასევე Pigmy -ს შესახებ მწირი ინფორმაცია იყო: მანქანაზე 42 ცხ. ძ. 4 ცილინდრიანი ძრავა ეყენა, წინა და უკანა ბორბლებს შორის მანძილი (ბაზა) 206 სმ-ს შეადგენდა, 5,5×16 დუიმიან საბურავებს ყველგანმავლის პროტექტორები ჰქონდათ. მთელი სავალი ნაწილის დაპროექტება კონსტრუქტორებს დამოუკიდებლად უწევდათ.

ახალი ყველგანმავლის შექმნა ГАЗ-61 -ის კარგად დაცდილი კვანძების – წინა და უკანა ხიდების, სამუხრუჭე სისტემის, საჭის მექანიზმის, ბორბლების, კარდანის ლილვის, ასევე ე. წ. "პოლუტორკის" (ГАЗ-АА) ძრავის, შეჭიდების და ოთხსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფის ბაზაზე გადაწყდა. ამასთან ერთად ჩარჩო, ძარა, წინა დაკიდება, რადიატორი, დასაჯდომები და საწვავის დამატებითი ავზი თავიდან იყო შესაქმნელი. ყველგანმავალზე გაუმჯობესებული რადიატორი და გაგრილების სისტემა, აგრეთვე მსუბუქი ავტომობილის, КИМ-1 -ის კარბურატორი დააყენეს.

ტექნიკური დავალების მიხედვით ყველგანმავლის 3 ვერსიის შექმნა იყო გათვალისწინებული: სამეთაუროს – ფაეტონის ტიპის ძარით, სადაზვერვოს – ისეთივე ძარით და ტყვიამფრქვევის დასაყენებელი ადგილით, ასევე საწევარის – პიკაპის ტიპის ძარით. კონსტრუქტორებმა მოთხოვნებს გადაუხვიეს და ამერიკული მანქანების მსგავსი გამარტივებული ძარა შექმნეს, რომელსაც კარების ნაცვლად თაღოვანი ღიობები ჰქონდა.

ყველგანმავლის სიგრძე 3140 მმ-ს, სიგანე კი 1400 მმ-ს შეადგენდა. ბორბლების ბაზა 2100 მმ-ს, მანძილი წინა ბორბლებს შორის 1240 მმ-ს, უკანა ბორბლებს შორის 1200 მმ-ს ტოლი იყო. ბორბლების დისკები ГАЗ М1 -დან, საბურავები კი ГАЗ-А -დან იყო აღებული.

ყველა ხელსაწყო და ელექტრომოწყობილობა ГАЗ-ММ და ГАЗ-М1 -დან იყო აღებული, ხელსაწყოთა რაოდენობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი, კერძოდ, არ იყო გამაგრილებელი სითხის ტემპერატურის მზომი და ზეთის წნევის ინდიკატორი. ტექნიკური დავალებიდან გამოდინარე, მანქანის სიგანე მნიშვნელოვნად შეამცირეს, რადგან მისი გამოყენება საჰაერო დესანტირებისთვის იყო ნავარაუდევი და ის არსებულ სატრანსპორტო თვითმფრინავებში უნდა ჩატეულიყო.

ახალი ყველგანმავალი სარეკორდო ვადებში შეიქმნა: პროექტზე მუშაობა 1941 წლის 3 თებერვალს დაიწყო, 4 მარტისთვის შეუდგნენ პირველი ეგზემპლიარის აწყობას. 17 მარტს დასრულდა მუშაობა ძარაზე და 25 მარტს პირველი მანქანა, რომელსაც თავდაპირველად ГАЗ-64-416, შემდგომში კი ГАЗ-64 ინდექსი მიენიჭა, თავისი სვლით გამოვიდა საამქროდან. აპრილში ყველგანმავალმა საველე პირობებში გამოიცადა, ივნისისთვის კი მეორე საცდელი ეგზემპლიარი დაამზადეს. ომის დაწყებამდე სერიული წარმოების გაშვება ვერ მოესწრო, პირველი მანქანები ფრონტს 17 აგვისტოსთვის გადასცეს.

წარმოება დროებითი, ნახევრადკუსტარული ტექნოლოგიით მიმდინარეობდა, ძარის ცალკეულ ელემენტებს ხელით ღუნავდნენ. მანქანებზე ГАЗ-М1 ის ძრავას აყენებდნენ, რომლის 50 ცხ. ძ. სიმძლავრე სწორ გზაზე 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას იძლეოდა. 1941 წლის ბოლომდე გორკის ქარხანამ 601 ცალი ГАЗ-64 ააწყო. ნოემბრიდან წარმოების ტემპი მკვეთრად დაეცა, ხოლო 1942 წლის განმავლობაში ქარხანამ მხოლოდ 67 ცალი ГАЗ-64 გამოუშვა. ამის მთავარი მიზეზი ქარხნის მიერ მსუბუქი ტანკების წარმოების ათვისება იყო, ამის გარდა ГАЗ-64 -ის შასის უმეტესი ნაწილი მსუბუქი ჯავშანმანქანის, БА-64 -ის წარმოებას ხმარდებოდა.

gaz67 06

1943 წელს მხოლოდ 3 ცალი მოდერნიზებული ГАЗ-64В იყო გამოშვებული, რომლის წინა ბორბლებს შორის დაშორება 1293 მმ-დე გაზარდეს. სულ 1941 – 1943 წლებში მხოლოდ 672 ავტომობილი იყო გამოშვებული. მათი უმეტესობა ბრძოლებში იყო განადგურებული, ნაწილი გერმანელების მიერ "ტყვედ" იყო აყვანილი. შეიძლება ითქვას, რომ ორიგინალური სახით დღეისთვის არცერთი ასეთი მანქანა არაა შემონახული. მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში მყოფი რამდენიმე ГАЗ-64 სხვა მანქანების დეტალების გამოყენებითაა რესტავრირებული.

gaz67 07

ГАЗ-64-ის საბრძოლო პირობებში ექსპლუატაციამ მისი კონსტრუქციის ბევრი ნაკლი გამოავლინა, მათგან მთავარი ის იყო, რომ შემცირებული სიგანის გამო მანქანა ადვილად ყირავდებოდა, თანაც ცუდი გზის პირობებში სხვა მანქანების ნაკვალევზე სიარული უჭირდა. ბორბლებს შორის დაშორება 1446 მმ-დე გაზარდეს, მაგრამ ამან მანქანის კონსტრუქციაში ძირეული ცვლილებების შეტანა მოითხოვა. საჭირო გახდა ჩარჩოს გადაკეთება, რამაც თავის მხრივ მანქანის კონსტრუქციაში სხვა ცვლილებათა შეტანის აუცილებლობა გამოიწვია. შესამჩნევად გაიზარდა მანქანის კლირენსი. დაბალი ეფექტურობის გამო უკანა დაკიდებიდან მოიხსნა ამორტიზატორების მეორე წყვილი. სიგანის გაზრდის წყალობით მოიხსნა განივი სტაბილიზატორის აუცილებლობა. უკანა ნახევარღერძების დამზადება ქრომანსილიდან დაიწყეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მათი გატეხვის შემთხვევები.

მანქანაზე ბრძოლით მოპოვებული "მერსედესის" მსგავსი კარბურატორის, "სტრომბერგის" ანალოგი დააყენეს, რომელსაც К-23 ინდექსი მიანიჭეს. ამის შედეგად ძრავის სიმძლავრე 54 ცხ. ძ.-მდე გაიზარდა. მოდერნიზებულმა ძრავამ ძველი სახელი შეინარჩუნა – ГАЗ-64-6004. კონსტრუქციის ორწლიანი მოდერნიზაციის შედეგად შეიქმნა ახალი მოდელი – ГАЗ-67.

gaz67 02

ახალი მოდელის სიგრძე უმნიშვნელოდ – 3305-დან 3345 მმ-მდე გაიზარდა, სიგანე კი უფრო შესამჩნევად – 1530-დან 1720 მმ-დე, რის შედეგადაც მანქანა უფრო მდგრადი გახდა. ГАЗ-67 -ის აღჭურვილმა წონამ 1342 კგ-ს მიაღწია, სიგანის გაზრდასთან ერთად გაიზარდა აეროდინამიკური წინაღობაც, რის გამოც მაქსიმალურმა სიჩქარემ 88 კმ/სთ-მდე დაიწია, სამაგიეროდ გაიზარდა ბორბლების გამწევი ძალა, რომელმაც 1050 კგ-ს მიაღწია.

1943 წლის ბოლოსთვის წარმოებული მანქანებისთვის საჭე გრეხილი ხისგან მზადდებოდა. ქარხანა იძულებული გახდა ეს ტექნოლოგია 1 დღეში აეთვისებინა: დაბომბვის შედეგად განადგურდა ქარხანა, რომელიც კარბოლიტის დეტალებს ამზადებდა. ეს ოთხღერძიანი საჭე არქაულად გამოიყურებოდა, მაგრამ მძღოლებმა ის შეიყვარეს კიდეც და მომავალში მის გამოცვლაზე უარსაც ამბობდნენ: ზამთარში ხის საჭისგან ხელები არ ეყინებოდათ და მანქანის მართვა ხელთათმანების გარეშეც შეეძლოთ.'

gaz67 08

პირველი ГАЗ-67 ქარხანამ 1943 წლის 23 სექტემბერს გამოუშვა, ოქტომბრიდან კი ქარხანა დღეში 10 მანქანას აწყობდა და 1944 წლის შემოდგომამდე 3137 ცალი ГАЗ-67 -ის გამოშვება მოასწრო. პარალელურად ქარხანა არ წყვეტდა მუშაობას მანქანის მოდერნიზაციაზე. 1944 წლის იანვრისთვის დამზადდა ახალი მოდიფიკაციის - ГАЗ-67Б -ს საცდელი ეგზემპლიარი, რომლის სერიული წარმოება ნოემბრისთვის დაიწყო.

მოდერნიზაცია ძირითადად წინა ხიდს და ტრანსმისიას შეეხო. წინა ხიდის მოხვევის მექანიზმზე "უაიტის" ტიპის ცვეთისადმი მდგრადი საკისრები დააყენეს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა კონსტრუქციის საიმედოობა, წინა რესორები გამჭოლ ბოლტებზე დააყენეს, ამორტიზატორებზე კი რეზინის ბალიშები საკისრებით შეცვალეს. მანქანამ ასევე მიიღო ახალი კარბურატორი, დანთების გამანაწილებელი და ბენზინის ფილტრი. ხის საჭის ნაცვლად პლასტიკური მასალებისგან დამზადებული სამღერძიანის დაყენება დაიწყეს, შემდგომში ზუსტად ასეთი ფორმის საჭე გორკის ქარხნის სატვირთო მანქანებსა და სხვა ყველგანმავლებზე იყო გამოყენებული.

gaz67 09

ომის დამთავრებამდე 1714 ერთეული ГАЗ-67Б იყო გამოშვებული, ხოლო ГАЗ-67 -თან ერთად ამ რიცხვმა 4851 ერთეულს მიაღწია. ეს რიცხვი აშშ-დან ლენდ-ლიზით მოწოდებული Willys MB და Ford GPW -ს რაოდენობის მხოლოდ 1/10 -ს შეადგენდა. ამერიკულ მანქანებთან შეხება მებრძოლებს უფრო ხშირად უწევდათ, რის გამოც ГАЗ-67 -ს ბევრი "ივან-ვილისს", ან უბრალოდ "ვილისს" ეძახდა. უნდა ითქვას, რომ 70-ან წლებშიც კი ამ ტიპის ყველა მანქანას, მათ შორის ГАЗ-69 -ს ჩვენში ყველა "ვილისს" უწოდებდა, სახელი "ჯიპი" მხოლოდ 80-ან წლებში გახდა პოპულარული.

ГАЗ-67Б -ს მასობრივი წარმოება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ომისშემდგომ პერიოდში დაიწყო - საერთო ჯამში, 1953 წელს წარმოების შეწყვეტამდე 92 843 მანქანა იყო გამოშვებული. შეიარაღებული ძალების გარდა, ГАЗ-67Б მიეწოდებოდა შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროებს, მას იყენებდნენ სოფლის მეურნეობაში, გეოლოგიურ კვლევებში, მის ბაზაზე ამზადებდნენ მიწის საბურღ მანქანას და თოვლმწმენდებს.

gaz67 10

სარკინიგზო დრეზინად გადაკეთებული ГАЗ-67Б

წარმოებასთან პარალელურად არ წყდებოდა მანქანის მოდერნიზაცია. 1948 წელს შედუღების გზით დამზადებული რადიატორის გისოსი დაშტამპულით შეცვალეს, მას 11-ის ნაცვლად 7 ღარი ჰქონდა. 1951 წელს როგორც წინა, ასევე უკანა დაკიდებებში ორმაგი მოქმედების ჰიდროამორტიზატორები დააყენეს, ხოლო 1953 წელს კაპოტზე სავენტილაციო ხვრელების ფორმა შეცვალეს შეცვალეს. ამავე წელს ქარხანა ახალი ყველგანმავლის, ГАЗ-69-ს წარმოებაზე გადაერთო და ГАЗ-67Б -ის გამოშვება შეწყვიტა.

gaz67 11

კადრი ქართული ფილმიდან "მოიტაცეს თამარ ქალი"

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ГАЗ-67 კერძო პირებზე არ იყიდებოდა. ექსპლუატაციის დასრულების შემდეგ მანქანების ჩამოწერა და უტილიზაცია ხდებოდა, თუმცა სხვადასხვა ავლითი გზებით ჩამოწერილი მანქანების კერძო მფლობელობაში შეძენას მაინც ხერხდებოდა, რის გამოც ГАЗ-67-ის ცალკეული ეგზემპლარები დღემდეა შემორჩენილი. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა არაერთხელაა გადაკეთებული სხვა მანქანათა ნაწილების გამოყენებით, ამიტომაც ორიგინალური სახით შენარჩუნებული ამ ავტომობილის პოვნა დღეს მეტად ძნელია.

gaz67 12

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2021

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365