Geo Flag2 EN Flag
Pin It

 იჟ-მოსკვიჩი 412 (1967 - 1982, Иж-Москвич 412; Izh-Moskvich 412)

 

01ij412

 

 მწარმოებელი იჟევსკის მანქანათმშენებელი ქარხანა (Ижмаш)
 მოდელი იჟ-მოსკვიჩი-412 (Иж-Москвич-412; Izh-Moskvich-412)
 გამოშვების წლები 1967-1982 (Ижмаш)
 ძარა სედანი, 4 კარი, 5 ადგილი
 ტიპი 4 × 2, უკანა წამყვანღერძიანი
 ძრავა УЗАМ-412, 1480 კუბ.სმ, 75 ცხ.ძ.
 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, 4 საფეხურიანი
 მაქს. სიჩქარე 145 კმ./სთ.
 ავზის მოცულობა 46 ლ.
 საწვავის ხარჯი 7,4 ლ. / 100 კმ.
 გაბარიტები 4250x1550x1480 მმ.
 ტვირთამწეობა 430 კგ.
 წონა 1045 კგ.

 

 „მოსკვიჩ–412“–ს მოსკოვის, ქარხანასთან ერთად იჟევსკის ქარხანაც აწარმოებდა.იქაურ საბაზო სედანს სახელი „მოსკვიჩი" მაინც შეუნარჩუნეს. ამიტომ ზოგიერთ წყარო მას როგორც „იჟ–მოსკვიჩ–412“–ს მოიხსენიებს. ჩვენი ექსპონატი – ავტოინსპექციის მანქანა სწორედ იჟევსკშია გამოშვებული.

ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილია იჟევსკის ქარხნის მიერ 1982 წლის რესტაილინგამდე გამოშვებული სერიული სედანი, ასევე რესტაილინგის შემდეგ გამოშვებული მოდიფიკაცია - სახელმწიფო ავტოინსპექციის მანქანა.

1965 წელს მომავალი თავდაცვის მინისტრის, დ. უსტინოვის მხარდაჭერით ხელი მოეწერა დადგენილებას იჟევსკის სამხედრო ქარხანის ბაზაზე ერთ-ერთი არსებული ავტომობილის წარმოების შესახებ. რეალური კანდიდატად ამ როლზე მხოლოდ "მოსკვიჩი" მოიაზრებოდა: "ზაპოროჟეცი" პატარა და არაკომფორტული იყო და პოპულარობით არ სარგებლობდა, "ვოლგა" კი პირიქით, დიდი და ძვირადღირებული.

იჟევსკი ქარხნისთვის დიდი რაოდენობით უახლესი მანქანა-დანადგარები შეიძინეს საფრანგეთში - საბოლოოდ ის მოსკოვის ქარხანაზე უკეთესად აღჭურვილიც კი აღმოჩნდა. 1966 წლის 12 დეკემბერს ქარხანამ პირველი "მოსკვიჩ-408" გამოუშვა, შემდეგ კი 412 მოდელის გამოშვებაზე გადაერთო. ამავე დროს ქარხანაში საკუთარი საკონსტრუქტორო ბიუროც არსებობდა, რომელიც უკვე 1968 წელს პრინციპიალურად ახალი ავტომობილის პროექტზე შეუდგა მუშაობას.

ჯერ კიდევ "მოსკვიჩ- 408"-ის დაპროექტებისას იგეგმებოდა მისი უფრო ძლიერი და თანამედროვე ძრავით აღჭურვა, მაგრამ ამის განხორციელება ვერ მოხერხდა, რის გამოც 408 მოდელი ძველი, ჯერ კიდევ 30-იან წლებში დაპროექტებული ძრავით გამოუშვეს. 1966 წლისთვის ქ. უფაში მოსკოვის ქარხნის დოკუმენტაციით დაიწყეს სრულიად ახალი УЗАМ-412 ძრავის გამოშვება, ზედა გამანაწილებლით. არსებობს მოსაზრება, რომ ის "გადმოხატული" იყო 1962 გამოშვებული BMW M10 ძრავიდან, 1500 კუბ. სმ. მოცულობით.

ამ ორ ძრავას მართლაც ბევრი რამ ჰქონდათ საერთო: პირველ რიგში, ნახევარსფერული წვის კამერა და დახრილი ცილინდრების ბლოკი, რაც ძრავას უფრო კომპაქტურს ხდიდა და ადაბლებდა სიმძიმის ცენტრს. ამასთან ერთად, იყო ბევრი განსხვავებაც: ცილინდრების სხვანაირი გეომეტრია, ზეთის მოწოდების სისტემა და კიდევ ბევრი სხვა კონსტრუქციული დეტალი.

1966 წლისთვის მოსკოვის ქარხნის პარალელურად, 408 მოდელის წარმოება იჟევსკის ქარხანაშიც დაიწყეს. სწორედ იჟევსკის ქარხნის კონვეიერიდან 1966 წლის 12 დეკემბერს ჩამოვიდა ახალი ძრავით დაკომპლექტებული რამდენიმე მოსკვიჩ-408. მაგრამ მარტო ძრავის შეცვლა საქმეს არ შველოდა: "მოსკვიჩების" თითქმის ნახევარი საზღვარგარეთ ექსპორტირდებოდა, მსოფლიო ბაზრის მოთხოვნები ავტომობილების მიმართ კი სულ უფრო მკაცრი ხდებოდა, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და კომფორტის სფეროში. "მოსკვიჩის" კონსტრუქცია სერიოზულ მოდიფიკაციას საჭიროებდა.

05ij412

"მოსკვიჩ- 412"-ის გამოშვება მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანამ 1967 წლიდან დაიწყო. საწარმოში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ახალი მოდელის ათვისება ეტაპობრივად, კონვეიერის გაუჩერებლად ხდებოდა. "მოსკვიჩ- 412" თავდაპირველად М408-ის ძარით გამოდიოდა, რისთვისაც ძარას წინასწარ გადაკეთებას მოითხოვდა. იმავე 1967 წელს ქარხანამ აითვისა ძარა, რომელიც ორივე მოდელისთვის იყო გამოსადეგი.

1969 წლისთვის დასრულდა მუშაობა ახალ ძარაზე. მის შემქმნელებს მეტად რთული ამოცანის გადაწყვეტა უწევდათ: მანქანისთვის განახლებული იერსახის შეძენა კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის გარეშე. კერძოდ, ჩატარდა უკანა ნაწილის რესტაილინგი. 50-ანების "აეროკოსმოსური" სტილი იმ დროისთვის უკვე ანაქრონიზმი იყო, ამიტომ "წვეთისმაგვარი" ვერტიკალური უკანა სანათები ჰორიზონტალური მართკუთხედებითა და მცირე სამკუთხა მოხვევის მაჩვენებლით შეცვალეს. ამ ცვლილების წყალობით ძარის მოხაზულობის შეუცვლელად ძველმოდური "ფარფლები" თვალში ნაკლებად საცემი გახადეს.

06ij412

იმ პერიოდში ნებისმიერი ახალი მოდელის ქუჩებში გამოჩენა არნახულ აჟიოტაჟსა და მითქმა-მოთქმას იწვევდა ხალხში, მაგრამ "მოსკვიჩ- 412"-ის „პრემიერამ“ თითქმის შეუმჩნელად ჩაიარა: გარეგნულად ის 408-გან პრაქტიკულად არ გამოირჩეოდა, თანაც პირველ წლებში ახალი მოდელი თითქმის მთლიანად ექსპორტზე გადიოდა.

ბევრი წყარო 412 მოდელს 408-ის შთამომავლად იხსენიებს, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ იყო: ახალი მოდელის ათვისებასთან ერთად 408-ის წარმოება არ შეწყვეტილა 1976 წლამდე. ამის მიზეზი იჟევსკის ქარხნის ხელმძღვანელობის მხრიდან გადადგმული არამეგობრული ნაბიჯი იყო.

ახალი, 412 მოდელის ძრავის ათვისება მოსკოვის ავტოქარხნის ბაზაზე ვერ ხერხდებოდა, ამიტომ მისი წარმოება უფის ძრავების ქარხანას გადასცეს, რომელიც ავიაციის სამინისტროს ექვემდებარებოდა. იჟევსკის ქარხანამ მოსკოვის ავლით მოახერხა უფის საწარმოსთან ხელშეკრულების დადება, ამიტომ 1968 წლიდან ყველა მათი მანქანა 412 ძრავით დაკომპლექტებული გამოდიოდა. მოსკოვის ქარხანა ამის გამო ახალი ძრავების დეფიციტს განიცდიდა და იძულებული გახდა, 408 მოდელის გამოშვება გაეგრძელებინა (მათი წარმოების შეწყვეტა 1971 წლისთვის იგეგმებოდა).

„მოსკვიჩების“ ხარისხი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა დროს და რომელი ქარხნის მიერ იყვნენ ისინი დამზდებულები. 60–იან წლებში გამოშვებული „მოსკვიჩები“ მაღალი ხარისხით გამოირჩეოდნენ. როგორც ამბობენ, იჟევსკის ქარხნის მიერ გამოშვებული მანქანების ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იყო, რადგან ქარხანას თავდაცვის სამინისტრო კურირებდა. ამასთან ერთად, იჟევსკის მანქანები როგორც გარე დიზაინით, ასევე სალონის მოპირკეთების ხარისხით მოსკოვისას ჩამოუვარდებოდნენ.

თავდაპირველად ყველა „მოსკვიჩ-412“ -ზე ახალი, ექვსკუთხა ფორმის ფარების დაყენება იგეგმებოდა - მათი იმპორტი აღმოსავლეთი გერმანიიდან ხორციელდებოდა. მალე გაირკვა, რომ მომწოდებელი ორივე ქარხნის მოთხოვნებს ვერ აუდიოდა, ამიტომაც იჟევსკში 412-ის წარმოება მრგვალი ფარებით გააგრძელეს, იმპორტული ფარნებით კი მხოლოდ ცალკეული საექსპორტო პარტიები და მოდიფიკაცია 2125 "კომბი" გამოდიოდა.

04ij412

იჟევსკის ადრეული (1969 წლამდე) „მოსკვიჩები“ ასევე პლანეტა სატურნის მსგავსი ემბლემით გამოირჩეოდნენ, რის გამო მათ დღემდე "სატურნებს " ეძახიან. ამავე წლიდან იჟევსკის ქარხანამ თავის "მოსკვიჩებზე" განსხვავებული რადიატორის გისოსის დაყენება დაიწყო.

03ij412

მართალია, გარეგნულად 412 მოდელი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ კონსტრუქციაში ბევრი საეტაპო ცვლილება იყო შეტანილი. მოდერნიზებული ძარა შეუსაბამეს პასიური უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს. ყველა ძარაზე გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების ღვედების სამაგრი ელემენტები, 1969 წლიდან კი ღვედები "მოსკვიჩის" სტანდარტული კომპლექტაციის ნაწილი გახდა.

ცნობისათვის - "ვოლგებზე" ღვედების ქარხნული წესით დაყენება მხოლოდ 1977 წელს დაიწყეს, ხოლო "ჟიგულებზე" - 1976-ში. გერმანიაში ყოველ გამოშვებულ მანქანაზე ღვედების დაყენება სავალდებულო მხოლოდ 1974 წლიდან გახდა, საბჭოთა კავშირში კი 1979 წლიდან.

მოდერნიზაციის შემდეგ მოდელს ინდექსი 412ИЭ მიანიჭეს. ანალოგიური მოდერნიზაცია ჩაუტარდა ასევე 408 მოდელსაც, რომელმაც ინდექსი 408ИЭ მიიღო. "მოსკვიჩ- 412"-ის გამოჩენამ დაარღვია საბჭოურ ავტომრეწველობაში დაბუდებული სტერეოტიპი მცირელიტრაჟიანი ავტომობილის შესახებ. ჯერ კიდევ "პობედიდან" მოყოლებული, გორკის ქარხნის ავტომანქანები სჯობნიდნენ "მოსკვიჩებს" სიჩქარესა და დინამიკაში. ახალი ძრავისა და სიმსუბუქის წყალობით "მოსკვიჩ- 412" სიმძლავრეზე დატვირთვის მხრივ (13,9 კგ/ცხ. ძ) უკან იტოვებდა არა მარტო მოძველებულ "ვოლგა" გაზ-21-ს (19 კგ/ცხ. ძ), არამედ პერსპექტიულ გაზ-24 -საც (15,5 კგ/ცხ. ძ). თავდაპირველად გაზ-24 -ზე ოთხცილინდრიანის გარდა 6 და 8 ცილინდრიანი ძრავების დაყენება იყო ნავარაუდევი, მაგრამ ამის რეალიზაცია ვერ მოხერხდა. შემდგომში გაზ-24 -ის პოზიციები კიდევ უფრო მოარყია 2103 და 2106 "ჟიგულების" გამოჩენამ.

ესოდენ შესაშური მაჩვენებლების მიუხედავად, მძღოლები "მოსკვიჩ-412"-ს ჩქაროსნულ მანქანად არასოდეს თვლიდნენ. "ჟიგულების" გამოშვებისთანავე ტრასაზე ნავარდობის მოყვარულები სწორედ მათ შეძენას ცდილობდნენ. შესაძლოა, გარკვეულწილად ეს შეიძლება "მოსკვიჩის", როგორც ტრადიციულად "ნელი" მანქანის რეპუტაციას დავაბრალოთ, მაგრამ იყო ობიექტური ფაქტორებიც.

ქაღალდზე დეკლარირებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, "მოსკვიჩი" შესაბამისი კლასის უცხოურ მანქანებს არაფერში ჩამორჩებოდა. ამავე დროს რეალურად შედარებით სუსტი ძრავის მქონე ვაზ-2101-იც კი უფრო დინამიური ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებდა, და ამის მიზეზი პირველ რიგში კონსტრუქციის თავისებურებაში უნდა ვეძიოთ. წუთში 3000 ბრუნამდე "მოსკვიჩზე" ძრავის სიმძლავრის მომატება თავს თითქმის არ ავლენდა, ასეთი მაღალი ბრუნით ძრავის ექსპლუატაციის სურვილი კი აუტანელი ხმაურის გამო იშვიათად ვინმეს თუ უჩნდებოდა.

ამ ყველაფერთან ერთად, თავისი კუთხოვანი ფორმებისა და კონსტრუქციის რიგი თავისებურებების გამო „მოსკვიჩის“ ძარა მეტად „მუსიკალური“ გამოდგა და ხმაურს კიდევ უფრო აძლიერებდა. ყოველივე ამას ხშირად თან ერთვოდა აწყობის დაბალი ხარისხით გამოწვეული სხვადასხვა ნაწილების ხმაური და ვიბრაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, მაღალი სიჩქარე და კომფორტი ამ მანქანაზე შეუთავსებელი იყო.. რასაკვირველია, მაღალი ხარისხის აუდიო სისტემების დაყენება ასეთ მანქანაზე ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული.

412 მოდელის ძარის სიგანე უცვლელი დარჩა, ამიტომ სამი მგზავრის უკანა დივანზე დატევა კვლავაც არ იყო ადვილი, თანაც უკანა ბორბლის თაღებს დივანის ზურგიდან თავი ისევე ჰქონდათ გამოყოფილი, როგორც ძველ მოდელებზე. ძველებურად ვიწრო ბორბლების ბაზისა და მაღალი სიმძიმის ცენტრის გამო დიდ სიჩქარეზე იზრდებოდა ამოტრიალების საშიშროება მოხვევისას, ავტომობილი კი ძნელად სამართავი ხდებოდა.

02ij412

412-ის კიდევ ერთი სუსტი ადგილი მისი გადაცემათა კოლოფი იყო - "მოსკვიჩებისთვის" ეს უკვე ტრადიციად იყო ქცეული, ხოლო კოლოფიდან ზეთის გამოჟონვა თითქმის რომ ნორმად ითვლებოდა. მართალია, 408-ის კოლოფისგან ის რიგი გაუმჯობესებით გამოირჩეოდა, კერძოდ, ყველა წინა გადაცემა სინქრონიზებული იყო, მაგრამ მთავარი ნაკლოვანებებიც ასევე შეინარჩუნა.

კოლოფის რესურსი პირველ რემონტამდე 100 ათას კილომეტრს არ აღემატებოდა, ამავე დროს "ჟიგულებისთვის" ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტი - 200 000 კმ იყო. მოგვიანებით ხელმარჯვე ოსტატებმა „მოსკვიჩებზე“ „ჟიგულის“ გადაცემათა კოლოფის დაყენება მოიფიქრეს. ეს მანქანის გარკვეულ მოდერნიზაციას მოითხოვდა, თუმცა, როგორც ამბობენ, წვალებად ღირდა.

ყველა ამ უარყოფით თვისებასთან ერთად „მოსკვიჩ–412“–ს თავისი პლუსებიც ჰქონდა. მტკიცე ძარისა და რესორული უკანა დაკიდების წყალობით მას დოკუმენტაციით დასაშვებზე გაცილებით მეტი ტვირთის გადაზიდვა შეეძლო. ლეგენდებს თუ დავუჯერებთ, „მოსკვიჩი“ ტონაზე მძიმე მისაბმელებს სწევდა. მანქანის სავალი ნაწილი კარგად იტანდა ცუდ გზებს, თუმცა ეს მისი რესურსის მნიშვნელოვნად შემცირების ფასად იყო მიღწეული. ყოველივე ამის გამო „მოსკვიჩი“ პოპულარული იყო მეტწილად სოფლის მაცხოვრებელთა და ქალაქგარე აგარაკების მფლობელთა შორის.

07ij412

1982 წელს განხორციელდა იჟევსკის ქარხნის მთელი სამოდელო რიგის განახლება. კონსტრუქტორებმა მოახდინეს ყველა მოდელის როგორც ექსტერიერის, ასევე სავალი ნაწილის მაქსიმალური უნიფიცირება. ასეთი "იჟ-მოსკვიჩი 412" ჩვენი მუზეუმის კოლექციაში ასევე არის წარმოდგენილი (ავტოინსპექციის მანქანა).
412 მოდელს მოსკოვის ქარხანა 1975 წლის დეკემრამდე აწყობდა (სხვა მონაცემები – 1977 წლამდე), 1976 წლიდან ქარხანა მოდერნიზირებული 2140 მოდელის გამოშვებას შეუდგა, რის მერეც 412-ის წარმოება მხოლოდ იჟევსკის ქარხანაში გაგრძელდა 1998 წლის ჩათვლით (ცალკეული მოდიფიკაციების – 2001 წლის ჩათვლით).

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2021

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365