Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

"ვოლინი" ლუაზ-969მ ("Волынь" ЛуАЗ-969М; "Volin" LuAZ-969M)

 

 Luaz 969m 01

 

 მწარმოებელი ლუცკის ავტოქარხანა (ЗАЗ)
 მოდელი

ლუაზ-969მ ''ვოლინი''

(ЛуАЗ-969М "Волынь"; LuAZ-969M "Volin")

 გამოშვების წლები 1979 - 1996
 ძარა

3 კარი, ფაეტონი

 ტიპი

4 × 4, ორი წამყვანი ღერძი, ძრავის წინ განლაგებით

 ძრავა

МеМЗ-969А, 4 ცილ. 1197 კუბ.სმ, 40 ცხ.ძ.

 გადაცემათა კოლოფი  მექანიკური, 4 საფეხურიანი
 მაქს. სიჩქარე  85 კმ./სთ.
 ავზის მოცულობა 34 ლ.
 საწვავის ხარჯი 10 ლ./100 კმ.
 გაბარიტები 3370x1640x1790მმ.
 ტვირთამწეობა 400 კგ.
 წონა  970 კგ.

 

50-60-ან წლებში მთელი საბჭოეთის მასშტაბით მწვავედ იგრძნობოდა სოფლის გზებისთვის განკუთვნილი ავტომანქანების ნაკლებობა. ერთადერთი მასობრივად წარმოებადი მსუბუქი ყველგანმავალი - გაზ-69 მეტწილად შეიარაღებულ ძალებს მიეწოდებოდა, კერძო პირებისთვის მისი მიყიდვა აკრძალული იყო.

არსებული დეფიციტის დასაფარავად 1955 წელს გორკის „პობედის“ ბაზაზე ორხიდიანი ГАЗ-М72 წარმოება წამოიწყო, მაგრამ გამოშვებული მანქანების საერთო რაოდენობამ 5000 ცალს ვერ გადააჭარბა. არ ეწერა განხორციელება მეტად საინტერესო ყველგანმავილის - ГАЗ-М73 პროექტს, მის ბაზაზე შექმნილი „მოსკვიჩ-410/411“ კი ასევე მიზერული რაოდენობით - 12 000 ეგზ. იყო გამოშვებული. პროტოტიპების შექმნის ეტაპზე გაჩერდა ასევე „საბჭოთა ჯიპის“ – „მოსკვიჩ-415/416“ პროექტიც.

60-ანი წლების დასაწყისისში, სამოდელო რიგის განახლებასთან ერთად რიგითი ადამიანისთვის განკუთვნილი ყველგანმავლების წარმოება საერთოდ შეწყდა - დარგის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ სტანდარტულ სედანებს მეტი საექსპორტო პოტენციალი ჰქონდათ. მდგომარეობა მართლაც პარადოქსალურად გამოიყურებოდა - სახელმწიფოში, სადაც გზების უმეტესობა სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა, უარს ამბობდნენ ამ გზების შესაბამისი სამოქალაქო მანქანების გამოშვებაზე.

ამ მხრივ შეიარაღებულ ძალები პრივილიგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 60-ანი წლებია დასაწყისში ზაპოროჟიეს ქარხანამ საიდუმლო პროექტის, НАМИ-032-ის ბაზაზე წინა ხაზის ტრანსპორტიორზე მუშაობას შეუდგა, რომელსაც ЗАЗ-967 ინდექსი მიენიჭა. მისი მასობრივი წარმოება ლუცკის მანქანამშენებელმა ქარხანამ დაიწყო, რომელიც მანამდე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და მისაბმელებს უშვებდა. პარალელურად ამ მანქანის სამოქალაქო ვერსიაზეც, ЗАЗ-969-ზე მიმდინარეობდა მუშაობა.

პირველ რიგში, სამოქალაქო ვერსიას წყალში გადაადგილების საშუალება მოუხსნეს - ამფიბიის ფუნქცია საგრძნობლად აძვირებდა მანქანას. შეიცვალა ძარის დიზაინი, სავარძლების განლაგება. ბრეზენტის ტენტი მანქანას გვერდებიდანაც ფარავდა.

Luaz 969m 06

პირველი 30 ეგზემპლიარი ზაპოროჟიეს ქარხანაში 1964 წელს ააწყეს, ხოლო სერიული წარმოება ლუცკის ქარხანაში მხოლოდ 1967 წელს წამოიწყეს. ამავე წელს ქარხანას ლუცკის ავტოქარხნის სახელი მიენიჭა, თუმცა 1975 წლამდე პროდუქცია კვლავაც ЗАЗ ინდექსით გამოდიოდა. ამის გამო ლუცკის ქარხნის პროდუქციას სხვადასხვა დასახელებით (ЗАЗ, ЛуМЗ, ЛуАЗ) მოიხსენიებენ.

მანქანის პირველ მოდიფიკაციაზე - ЗАЗ-969В აყენებდნენ „ზაპოროჟეცის“ ძრავის 30 ცხ. ძ. მოდიფიკაციას - МеМЗ-969. ძრავის წინ განლაგების გამო გაგრილების პრობლემა არ იქმნებოდა, „ზაპოროჟეცისგან“ განსხვავებით. წარმოების პირველ წლებში ქარხანას ჯერ კიდევ არ მიეწოდებოდა უკანა ხიდის რედუქტორი, რის გამოც წამყვანი მხოლოდ წინა ბორბლები იყო. ამდენად, თავისდა უნებურად „ლუაზი“ წინა წამყვან ბორბლებიან პირველ საბჭოთა სერიულ მანქანად იქცა (თუმცა ოფიციალურად ასეთად 1984 წელს გამოშვებული ВАЗ-2108 ითვლება).

Luaz 969m 07

ოთხივე წამყვანი ბორბლის მქონე მანქანის გამოშვება ქარხანამ მხოლოდ 1971 წლიდან დაიწყო, მას დაუბრუნეს ინდექსი ЗАЗ-969, ძირითადი წამყვანი წინა ღერძი იყო, უკანა ღერძის ამოქმედება მხოლოდ რთულ გზებზე ხდებოდა. ძრავა იგივე დატოვეს - 30 ცხ. ძ. МеМЗ-969.

საბჭოთა ავტომობილები დახვეწილი დიზაინითა და კომფორტით არასოდეს გამოირჩეოდნენ, მაგრამ ამ ფონზეც კი „ლუაზი“ არასახარბიელოდ გამოიყურებოდა. „აგურისმაგვარი“, კუთხოვანი ფორმების მქონე ძარა მოყვარული ნახელავს უფრო წააგავდა, ვიდრე პროფესიონალი დიზაინერის ნამუშევარს. უნდა ითქვას, რომ მანქანის პირველი საცდელი ეგზემპლიარების დიზაინი უფრო საინტერესო ჩანდა, თუმცა საბოლოოდ სერიაში ის აღარ გაუშვეს.

Luaz 969m 05a

მანქანის კონსტრუქცია ისე იყო გათვლილი, რომ წინა ღერძზე მაქსიმალური წონა ყოფილიყო მოდებული. ამის გამო წინა სავარძლებზე დაჯდომა მეტად მოუხერხებელი იყო. „ზაპოროჟეციდან“ გადმოტანილი ძრავა სუსტი და ხმაურიანი იყო, თანაც მალე გამოდიოდა წყობიდან.

ძრავის სისუსტის გამო კარგი გამავლობის შესანარჩუნებლად კონსტრუქტორები იძულებულები იყვნენ მაქსიმალურად აეწიათ ტრანსმისიის გადაცემითი რიცხვი, რის გამო 60 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა მხოლოდ ბოლო, IV გადაცემაზე იყო შესაძლებელი, თანაც ამავე გადაცემაზე მანქანას ადგილიდანაც შეეძლო დაძვრა.

რასაკვირველია, ასეთი სუსტი ძრავის გამოყენება კონსტრუქტორების ახირება სულაც არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის უკლებლივ ყველა ავტოქარხანა ძრავების დეფიციტს განიცდიდა, ამდენად „ზაპოროჟეცის“ ძრავის გარეშე ეს პროექტი საერთოდ ვერ განხორციელდებოდა.

ავტოტრასებზე „ლუაზი“ მართლაც სასაცილოდ გამოიყურებოდა, სამაგიეროდ სოფლის ოღრო-ჩოღრო გზებზე ის ყველა თავის უპირატესობას მაქსიმალურად ავლენდა. მანქანას დიდი კლირენსი და ამავე დროს ძალიან დაბალი სიმძიმის ცენტრი ჰქონდა, რაც ორმოებისა და გორაკების გადალახვას აადვილებდა.

Luaz 969m 09

მინიმალისტური დიზაინის გამო ბევრი მანქანის კონსტრუქციასაც ასეთივე პრიმიტიულად თვლიდა, არადა მასში ბევრი საინტერესო გადაწყვეტა იყო ჩადებული, კერძოდ, დამოუკიდებელი ტორსიონული დაკიდება და ბორბლის რედუქტორები.

უკანა ბორბლების "ბუქსაობის" შემთხვევაში მძღოლს სპეციალური სახელურის მეშვეობით უკანა დიფერენციალის ბლოკირება შეეძლო - ამგვარი მექანიზმი საბჭოთა ავტომობილებიდან მხოლოდ „ლუაზს“ ჰქონდა. „ლუაზი“ ავტონომიური ბენზინის გამათბობლით იყო აღჭურვილი, თანაც მისი საშუალებით ყინვის დროს კარბიურატორისა და კარტერის გათბობა იყო შესაძლებელი.

1975 წლიდან ქარხანამ ახალი მოდიფიკაციის - ЛуАЗ-969А -ს წარმოებას შეუდგა. ეს იყო პირველი მოდიფიკაცია, რომელიც „ლუაზის“ სახელს ატარებდა. მასზე მოდერნიზირებული, 40 ცხ. ძ-მდე გაძლიერებული ძრავა, МеМЗ-969А იდგა. გარეგნულად წინა მოდიფიკაციებისგან ის ტენტზე გვერდითი ფანჯრების არსებობით განსხვავდებოდა.

Luaz 969m 08

1979 წლიდან დაიწყო ყველაზე პოპულარული მოდიფიკაციის - ЛуАЗ-969М სერიული წარმოება. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 1973 წელს დაიწყო, სამთავრობო კომისიას კი 1977 წლის ნოემბერში წარუდგინეს. ახალი მოდიფიკაცია იგივე 40 ცხ. ძ. ძრავით იყო აღჭურვილი, სამაგიეროდ მასზე ორკონტურიანი მუხრუჭი დააყენეს, წინა ღერძის კონტურს ჰიდროვაკუუმის გამაძლიერებლი ჰქონდა. გარბენი კაპიტალურ რემონტამდე 100 000 კილომეტრამდე გაიზარდა.

რაც მთავარია, შესამჩნევად გაუმჯობესდა მანქანის გარე დიზაინი. წინა ნაწილმა კონუსური ფორმა მიიღო, მომრგვალდა კუთხეები, რამაც ძარის მოხაზულობას სიმსუბუქე შესძინა. მანქანაზე დააყენეს ახალი განათების სისტემა -ახალი ფარებით, სანომრე ნიშნისა და უკანა სვლის განათებით, ასევე უფრო მძლავრი აკუმულატორი.

Luaz 969m 03

საქარე მინის კონტური შესამჩნევად მომრგვალდა, გვერდითი ფანჯრების ჩარჩოები ხისტი გახდა, კარები საკეტებით აღჭურვეს. საჭე და წინა პანელი ტრავმაუსაფრთხო რბილი მასალებისგან იყო დამზადებული. ახალი სავარძლები „ჟიგულის“ ტიპისა იყო. გაჩნდა ისეთი „ტკბილი ცხოვრების ელემენტები“, როგორც სალონის განათება, საფერფლე, წვრილი ნივთების ჩასაწყობი ყუთი.

Luaz 969m 02

განახლებას უკვალოდ არ ჩაუვლია: ჯერ კიდევ სერიული წარმოების დაწყებამდე, 1978 წელს, ტურინის საერთაშორისო ავტოსალონზე, 969М მოდიფიკაცია ევროპის საუკეთესო ყველგანმავლების ათეულში შევიდა, ხოლო ჩეხურ ქალაქში, ჩესკე-ბუდეოვიცეში მან ოქროს მედალი მიიღო, როგორც სოფლისთვის განკუთვნილმა საუკეთესო მანქანამ.

მართალია, 70-ან წლებში ევროპის ქვეყნები ყველგანმავლების არც ისე ბევრ მოდელს უშვებდნენ, მაგრამ პატარა პროვინციულ ქალაქში განლაგებული ერთი ბეწო ქარხნისთვის ეს წარმოუდგენელი წარმატება იყო.

Luaz 969m 04

70-ან წლებში „ლუაზი“ თავისუფალ გაყიდვაში მყოფი ერთადერთი ყველგანმავალი იყო („უაზის“ შეძენის უფლებას მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურებებისთვის აძლევდნენ). 60-იან წლებში ЗАЗ-969В (წინა წამყვანი ხიდით) მხოლოდ 1600 მანეთი ღირდა. 1977 წლისთვის ЛуАЗ-969А-ს ფასი 5100 მანეთს შეადგენდა (შედარებისთვის: ყველაზე იაფი „ჟიგული“ - ВАЗ-2101 ამ დროისთვის 5500 მანეთად იყიდებოდა).

Luaz 969m 05

1977 წლიდან „ლუაზს“ მძლავრი კონკურენტი გამოუჩნდა - „ავტოვაზმა“ ახალი ყველგანმავალის, „ნივის“ წარმოება დაიწყო, რომელსაც „ლუაზი“ სიჩქარის, დინამიკის და კომფორტის მხრივ ვერც კი შეედრებოდა. ამავე დროს „ნივა“ თითქმის ორჯერ ძვირი ღირდა.

„ნივების“ 80% ექსპორტზე მიდიოდა, ამიტომაც მის შესაძენად რიგში დგომა იყო საჭირო. მართალია, „ლუაზი“ მცირე პარტიებით გამოდიოდა (1987 წელს - 14 000 მანქანა), მაგრამ ნაკლებადაც იყო მოთხოვნადი, ამიტომაც მისი ყიდვა რიგში დგომის გარეშეც კი იყო შესაძლებელი.

იყო კიდევ ერთი ნაკლებად სასიამოვნო მომენტიც: „ლუაზი“ სამოქალაქო მანქანად ითვლებოდა, მაგრამ მფლობელს ის სამხედრო კომისარიატში უნდა დაერეგისტრირებინა. სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მანქანის ფრონტზე გაწვევა. იგივე წესი მოქმედებდა „ნივაზეც“. ცხადია, ამგვარი პერსპექტივა „ლუაზს“ პოპულარობას არ მატებდა.

1982 წელს ლუცკის ავტოქარხანამ 100 000 მანქანის აწყობა იზეიმა, 1983 წლის აპრილში პირველი „ლუაზები“ ექსპორტზე გაუშვეს. სოციალისტური ქვეყნების გარდა „ლუაზი“ ავსტრიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში მიეწოდებოდა. ხშირად იმპორტიორი ფირმები მანქანების დამატებით ტიუნინგს ახდენდნენ, ძარას უფრო ხარისხიანი ემალით ღებავდნენ.

იტალიაში „ლუაზის“ რეალიზაციას ძმები მარტორელები ახორციელებდნენ, ისინი ასევე „უაზების“ იმპორტით იყვნენ დაკავებულები. ხშირ შემთხვევაში „ლუაზზე“ იტალიური მხარის დაკვეთით „ფორდ ფიესტას“ 1,1 ლ. 49,6 ცხ. ძ. ძრავას აყენებდნენ. 1998 წლიდან იტალიაში მიეწოდებოდა ასევე ЛуАЗ-1302-05 „ფოროსი“, Lombardini-ის დიზელის ძრავით (საუბარია ფართო მოხმარების ძრავების მწარმოებელზე, და არა lamborghini-ზე - უძვირფასეს სპორტული მანქანებზე). აღსანიშნავია, რომ იტალიაში „ლუაზი“ საპლიაჟო-გასართობი მანქანის კატეგორიაში გადიოდა.

Luaz1302 05

„ლუაზს“ კიდევ ერთი სახელით - „ვოლინი“ (Волынь) იცნობენ. ამ სახელის შესახებ სხვადასხვა წყაროში ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვაწყდებით. ერთი-ერთი ვერსიით, მანქანას ასე თავიდანვე ერქვა, სხვა წყაროების მიხედვით, ეს სახელი პირველად ЛуАЗ-969М მოდიფიკაციას მიანიჭეს. ამასთან ერთად, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, 1990 წლის ჩათვლით, სახელი „ვოლინი“ არ ფიგურირებს. არ გხვდება ის ასევე „ავტოექსპორტის“ მიერ გავრცელებულ სარეკლამო პლაკატებზეც, მანქანა აქ LUAZ-969M მარკით ფიგურირებს (რასაც ევროპის ქვეყნებში ზოგჯერ როგორც Little UAZ -ს შიფრავდნენ).

Luaz 969m 11

სხვადასხვა წყაროს შეჯერების შემდეგ ყველაზე რეალურად ასეთი ვერსია გვესახება: წარწერა „ვოლინი“ მართლაც ამშვენებდა პირველ საცდელ მანქანებს, მაგრამ მაღალ ინსტანციებში ეს სახელი არ მოიწონეს, ამიტომაც „ვოლინი“ (ასევე „ვოლინიანკა“) მანქანის „სახალხო“ სახელებად დარჩა.

როგორც ჩანს, ოფიციალურ სახელად ის ან საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, ან მისი დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ უკრაინაში დაამტკიცეს. ყოველ შემზთხვევაში, სახელი Volin იტალიაში დაბეჭდილ სარეკლამო პლაკატზე გვხვდება, რომელიც 80-ანი წლების მეორე ნახევარში, ან უფრო გვიანაა გამოცემული (ЛуАЗ-969М-ზე მოხვევის მაჩვენებლების გვერდითი ნათურები 1985 წლიდან დაამატეს, ხოლო იტალიაში მისი გაყიდვა ძმებმა მარტორელებმა 1986 წლიდან წამოიწყეს).

Luaz 969m 10

1990 წელს ქარხანამ „ლუაზის“ კიდევ ერთი მოდიფიკაცია გამოუშვა, რომელსაც ახალი სტანდარტების შესაბამისად ინდექსი 1302 მიანიჭეს. მასზე „ტავრიის“ ძრავა МеМЗ-245-201К დააყენეს - 1.1 ლ, 53 ცხ. ძ., წყლის გაგრილებით.

ახალმა ძრავამ შესამჩნევად გააუმჯობესა მანქანის დინამიკა, შეამცირა ხმაური და საწვავის ხარჯი - 100 კილომეტრზე ის 10 ლიტრის ნაცვლად 7,7 ლიტრს ხარჯავდა. მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-მდე გაიზარდა.

გარეგნულად ახალი მოდიფიკაცია ფარებთან შეთავსებული გაბარიტების ნათურებით გამოირჩეოდა. მანქანაზე ახალი ხელსაწყოთა პანელი და უფრო კომფორტული „ტავრიის“ სავერძლები დააყენეს, გაუმჯობესდა ხმაურისგან იზოლაცია.

1990 წელი ქარხნისთვის მეტად იღბლიანი აღმოჩნდა: ამ წელს მანქანების სარეკორდო რაოდენობა - 16500 ერთეული დაამზადეს. 1991 წლიდან ქარხანამ ასევე 400 კგ. ტვირთამწეობის სატვირთო მანქანის, ЛУАЗ-13021 -ის გამოშვება დაიწყო. პარალელურად ქარხანა აგრძელებდა ძველი, ЛуАЗ-969M მოდიფიკაციის აწყობასაც. მისი წარმოება მხოლოდ 1996 წელს შეწყვიტეს.

luaz13021

90-ანი წლების შუაში საბჭოთა კავშირის დანგრევამ ყოფილ რესპუბლიკებს შორის სამეურნეო კავშირების გაწყვეტა გამოიწვია, გართულდა როგორც მაკომპლექტებელი ნაწილების შემოტანა, ასევე მზა პროდუქციის უკრაინის გარეთ გაყიდვა. წარმოების ტემპი მკვეთრად შემცირდა.

2000 წლიდან ლუცკის ქარხანაში „ავტოვაზის“ და“უაზის“ მოდელების აწყობა დაიწყეს, ხოლო 2001 წელს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მორალურად მოძველებული ЛУАЗ-1302 და ЛУАЗ-13021 -ის წარმოების შეწყვეტის შეასხებ. მათ ნაცლად ქარხანა სრულიად ახალი, 1301 მოდელის ათვისებას გეგმავდა. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ 1984 წელს გადაიდგა, 90-ან წლებში კი პრესაში რამდენჯერმე ანონსირებული იყო ამ მოდელის სერიული გამოშვება.

Luaz1301

1301 მოდელი „ტავრიის“ ძრავის ბაზაზე იყო შექმნილი, იგეგმებოდა ასევე უფრო ძლიერი „ავტოვაზის“ ძრავების, ასევე დიზელის ძრავების დაყენებაც. გამოყენებული იყო „ტავრიის“ კიდევ ბევრი სხვა კვანძი. ძარა მზიდი, კომპოზიტური იყო - ლითონის კარკასზე პლასტიკატის პანელები იყო მიკრული. პნევმატური დაკიდება კლირენსის რეგულირების საშუალებას იძლეოდა. ავტომობილის საბოლოო ვარიანტი 2002 წელს წარადგინეს. გამოცხადებული იყო კონკურსი მანქანის საუკეთესო სახელზე. კლასიკური სამკარიანი ვერსიის გარდა, იგეგმებოდა პიკაპის, სატვირთო ფურგონის, ასევე სანიტარული ავტომობილის გამოშვება.

სერიული წარმოება 2004 წლისთვის იყო ნავარაუდევი, მაგრამ დაფინანსების დაგვიანების გამო ერთი წლით გადაიდო, 2006 წელს კი პროექტი არარენტაბელურად ცნეს და მასზე მუშაობა შეწყვიტეს. სულ ქარხანამ ორმოცამდე 1301 მოდელის გამოშვება მოასწრო.

მცირე რაოდენობით ლუცკის ქარხანა არასტანდარტულ მოდიფიკაციებსაც უშვებდა:

ЛуАЗ-2403 - აეროპორტის საწევარი საბარგო ურიკების ბუქსირებისთვის. გამოდიოდა მცირე სერიებით.

Luaz2403

ЛуАЗ-969Ф - სატვირთო ფურგონი ЛуАЗ-969M-ის ბაზაზე ლითონის ძარით. 60-70-ანი წლების მიჯნაზე ЛуАЗ-969В--ს ბაზაზე 700-მდე მსგავსი ფურგონი იყო გამოშვებული.

ЛуАЗ-13021-03 - სატვირთო მოდიფიკაცია მყარი კაბინით და ლიუკიანი სახურავით.

Luaz13021 03

ЛуАЗ-13021-04 - გრძელბაზიანი მოდიფიკაცია სარემონტო ბრიგადებისთვის, 4 სავარძლით და სატვირთო განყოფილებით 250 კგ-ზე.

luaz13021 04

ЛуАЗ-13021-07 - გრძელბაზიანი მოდიფიკაცია ფურგონის ტიპის ძარით, მინა-პლასტიკის სახურავით და ლითონის უკანა კარით.

ЛуАЗ-13021-08 - სანიტარული მოდიფიკაცია დაგრძელებული ძარით და 4 კარით: 2 მარჯვენა, 1 მარცხენა და 1 უკანა.

LUAZ 13021 08

სულ საბჭოთა კავშირის დაახლოებით 182 000 სხვადასხვა მოდიფიკაციის „ლუაზი“ იყო გამოშვებული, ხოლო მათი საერთო რაოდენობა წარმოების დასასრულამდე 200 000 აღემატება, რაც ასეთი მასშტაბის საწარმოსთვის სულაც არაა ცოტა.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365