Geo Flag2 EN Flag
Pin It

 ფორდ-ა (Ford-A)

fordA2

 

 მოდელი ფორდ-ა (Ford-A)
 გამოშვების წლები 1927 - 1931
 ტიპი სედანი, კუპე, როდსტერი, კაბრიოლეტი, ფაეტონი, უნივერსალი, პიკაპი, 4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი
 ძრავა Ford 201 CID, 4 ცილ. 3285 კუბ.სმ, 40 ცხ.ძ.
 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, 3 საფეხურიანი
 მაქს. სიჩქარე 105 კმ./სთ.
 ავზის მოცულობა 1927-1929: 37.9 ლ.  1930-1931: 41.7 ლ.
 საწვავის ხარჯი 12 ლ. / 100 კმ.
 გაბარიტები 4191x1702x1800 მმ. (სედანი)
 ტვირთამწეობა 500 კგ.
 წონა 1077 კგ. (სედანი)

 

ჩვენი მუზეუმის ახალი ექსპონატი - Ford A 1928 წელს არის გამოშვებული. ასეთ დასახელებას სხვა მოდელიც ატარებდა - ეს იყო ჰენრი ფორდის კომპანიის პირველი სერიული ავტომობილი (1904 წ.), თუმცა თავისი კონსტრუქციით ის მოტორიან ეტლს უფრო წააგავდა. სულ რაღაც ოთხ წელიწადში, 1908 წელს კომპანიამ ლეგენდად ქცეული Ford-T გამოუშვა.

კონსტრუქციის სიმარტივის მიუხედავად ეს უკვე სრულყოფილი ავტომობილი იყო, თავისი მახასიათებლებით ის არაფრით ჩამორჩებოდა გაცილებით უფრო ძვირადღირებულ მოდელებს, გამძლეობის მხრივ კი ბევრ მათგანს „ფორასაც“ მისცემდა. ამას შემდეგი შემთვევაც ამტკიცებს: 1918 წელს ნიუ-იორკის ნავსადგურთან, სამხედრო გემთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა ბრიტანული გემი „პორტ-ფილიპი“, რომელსაც დაშლილი სახით რამდენიმე ასეული Ford-T გადაჰქონდა.

გემი სულ რაღაც 4 მეტრ სიღმეზე იმყოფებოდა, მყინთავებმა ავტონაწილების ამოღება მოახერხეს, ზეთიან კონტეინერებში ჩააწყეს, ნაპირზე მყოფმა მექანიკოსებმა კი ავტომანქანები ააწყეს. ზარალის დასაფარად გადაწყდა „ჩაძირული“ ავტომობილების შეღავათიან ფასად რეალიზაცია. ერთადერთი, რასაც შემდგომში მათი მფლობელები უჩიოდნენ, მარილიანი წყლით დაზიანებული საბურავების ხარისხი იყო.

fordA9

პირველ წლებში Ford-T სულაც არ იყო ყველაზე გაყიდვადი მანქანა, მას კონვეიერის გარეშე აწყობდნენ და მისი ფასი 825 დოლარს აღწევდა. ჰენრი ფორდი კონვეიერული სისტემის გამომგონებლად ითვლება, თუმცა ის თავადვე აღიარებდა, რომ კონვეიერის იდეა ჩიკაგოს ხორცპრუდუქტების შემფუთავ ფაბრიკისგან „ისესხა“. უფრო მეტიც, მანქანების კონვეიერულ აწყობას საუკუნის დასაწყისშივე წარმატებით ახორციელებდა კომპანია Oldsmobile. მიუხედავად ამისა, პრესაში გაჩაღებული ფართომასშტაბიანი კამპანიების მეშვეობით ფორდმა კონვეიერული ტექნოლოგიების პიონერის სახელი დაიმკვიდრა.

1913 წლიდან „ფორდ მოტორსმა“ მსოფლიოში პირველად განახორციელა ავტონაწილების სტანდარტიზაცია, რამაც კონვეიერულ ტექნოლოგიასთან ერთად შრომის წარმოებადობა ერთ წელიწადში 40-60 პროცენტით აამაღლა.

სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8 საათამდე შემცირდა, მუშების დღიურმა ანაზღაურებამ კი 5 დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატებოდა მრეწველობაში დამკვიდრებულ ნორმას. ამავე დროს, გაზრდილ ხელფასს მხოლოდ მათ უხდიდნენ, ვინც ქარხანაში 6 თვეზე მეტხანს მუშაობდა, თანაც უარს ამბობდა სპირტიან სასმელებზე და თამბაქოს მოწევაზე.

ამ ინოვაციების შედეგად Ford-T მსოფლიოში პირველ მრავალმილიონიანი სერიებით გამოშვებულ ავტომანქანად იქცა. ამავდროულად ეს იყო პირველი ავტომობილი, რომლის შეძენა რიგით ადამიანსაც შეეძლო - მისი ფასი სხვა ფირმების ყველაზე იაფ მანქანებზე მესამედით ნაკლები იყო და 345 დოლარიდან იწყებოდა. 1923 წლისთვის ყოველ მეორე ავტომობილს ამერიკაში ფორდის ქარხნები უშვებდნენ.

Ford-T -ს თითქმის 20 წლის განმავლობაში - 1927 წლამდე აწარმოებდნენ. ამ პერიოდში 15 მილიონზე მანქანა იყო გამოშვებული, მაგრამ ავტოინდუსტრიაში მარადიული არაფერია. არ თვლემდნენ კონკურენტებიც - 20-ანი წლების მეორე ნახევარში მეორე ავტოგიგანტმა, კორპორაცია „ჯენერალ მოტორსმა“ პოპულარობით ფორდის პროდუქცია უკან ჩამოიტოვა. ფორდს ახალი მოდელის ათვისების გარდა სხვა არაფერი დარჩენოდა.

1927 წლის 26 მაისს ქარხნები ნახევარი წლით გააჩერეს, 20 ოქტომბერს კი კონვეიერიდან პირველი Ford A ჩამოვიდა. ახალი მანქანის გაყიდვები იმავე წლის 2 დეკემბერს დაიწყო. მანქანის გარე დიზაინი ჰენრი ფორდის ვაჟმა, ედსელმა შექმნა. Ford-T -თან შედარებით ეს ტექნიკურად ეფრო სრულყოფილი ავტომობილი იყო, თუმცა კონსტრუქციის სიმარტივე აქაც იყო შენარჩუნებული - რთული ტექნიკური გადაწყვეტა იმდროინდელ კონვეიერულ ტექნოლოგიებთან შეუთავსებელი იყო.

ford edsel

წინამორბედის მსგავსად, Ford-A ლონჟერონული ჩარჩოს ბაზაზე იყო აწყობილი, რომელზეც ძრავა, ტრანსმისია, ხიდები და ძარა მაგრდებოდა. ოთხცილინდრიანი 3285 კუბ. სმ. ძრავის სიმძლავრე 40 ცხ. ძ. შეადგენდა, რაც იმ დროის კვალობაზე საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელი იყო.

fordA3

Ford-A კომპანიის პირველი ავტომობილი იყო, რომლის მართვის ორგანოები მსოფლიოში მიღებულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. უნდა ითქვას, რომ ამერიკის ზოგიერთ შტატში Ford-T -ს სამართავად სპეციალური მოწმობის აღება იყო საჭირო: ამ მანქანას სამი პედალი ჰქონდა: მარცხენა - გადაბმულობის (ასევე იხმარებოდა გადაცემათა გადასართავად), შუა -მუხრუჭის და მარჯვენა - უკანა სვლის პედალი. ხელის მუქრუჭის სახელური გადაცემათა გადართვაშიც მონაწილეობდა. ესოდენ უჩვეულო მართვის სისტემა კონვეიერული აწყობის გასამარტივებლად იყო არჩეული, თუმცა T -მოდელის ბევრი მფლობელი მას მეტად მოსახერხებლად მიიჩნევდა.

fordA8

ყველა Ford-A თავიდანვე იყო აღჭურვილი ელექტროსტარტერით - 1919 წლამდე გამოშვებული Ford-T -ს ძრავა სახელურის მეშვეობით იქოქებოდა. შემდგომ წლებში ელექტროსტარტერი დამატებითი დაკვეთით ყენდებოდა, სტანდარტულ ოფციად კი ის მხოლოდ 1926 წლიდან იქცა.

fordA10

Ford-A მსოფლიოში პირველი ავტომობილი იყო, რომელზეც უსაფრთხო საქარე მინა დააყენეს. მუხრუჭი ყველა ბორბალზე დოლისმაგვარი იყო (Ford-T -ზე მუხრუჭები მხოლოდ უკანა ბორბლებს ჰქონდათ). საწვავის ავზი ძრავასა და ხელსაწყოების პანელს შორის იყო განლაგებული. საწვავი კარბიურატორს თვითდინებით მიეწოდებოდა, დარჩენილი მარაგის კონტროლი ოპტიკური მაჩვენებლის მეშვეობით ხდებოდა.

fordA7

Ford-A-ს სხვადასხვა ტიპის ძარით უშვებდნენ: კუპე, ბიზნეს კუპე, სპორტ-კუპე, როდსტერ-კუპე, კაბრიოლეტი, ფაეტონი, უნივერსალი, პიკაპი, ტაქსი და სხვები. როდსტერის მინიმალური ფასი 385 დოლარი იყო, საშუალოდ როდსტერების ფასი 435 – 520 დოლარის ფარგლებში მერყეობა, ორკარიანი Ford Tudor Sedan-ის ფასი კი 495 – 525 დოლარს შეადგენდა. იყო გაცილებით ძვირადღირებული მოდიფიკაციებიც, როგორც ლიმუზინი Town Car (1200 – 1400 დოლარი).

fordA5

ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, Ford-A-ს აწარმოებდნენ კანადაში, არგენტინაში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში. ევროპის ქვეყნებში დაწესებული მაღალი გადასახადების გამო იქ გამოშვებული ავტომანქანების ძრავის მოცულობა 2033 სმ. კუბ.-მდე შეამცირეს. გადასახადი ამის მერეც საკმაოდ დიდი იყო, რის გამოც Ford-A მცირელიტრაჟიან ევროპულ ავტომობილებთან კონკურირება უჭირდა.

1929 წლის 31 მაისს მოსკოვში Ford Motor Company-თან დაიდო ხელშეკრულება საბჭოთა კავშირში ავტომობილების მასობრივი წარმოების თაობაზე. 1930 წელს მოსკოვის ავტოქარხნის, КИМ-ის ბაზაზე, ამერიკიდან მოწოდებული კომპლექტებისგან დაიწყო Ford-A მცირე პარტიებით წარმოება.

1932 წლის დეკემბერში ნიჟნი ნოვგოროდში (გორკში) ამერიკული მხარის დახმარებით აშენებულმა ქარხანამ ლიცენზირებული Ford-A-ს წარმოება დაიწყო. მანქანა ГАЗ-А -ს მარკით გამოდიოდა, ეს იყო 5 ადგილიანი ფაეტონი, რომლის კონსტრუქციაში მცირე ცვლილებები იყო შეტანილი.

ღია ძარა სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა ზამთრის მრისხანე პირობებში, რის გამოც გამოიცა სპეციალური განკარგულება გადახურული მანქანების გამოშვების შესახებ. ეს არც ისეთი ადვილი საქმე იყო, რადგან თავად „ფორდი“ ოთხკარიანი სედანების ძარებს სხვა მწარმოებლებს უკვეთავდა.

fordA6

1934 წელს ქარხანამ ნახევრადკუსტარული ტექნოლოგიებით წამოიწყო გადახურული ГАЗ-6 -ის აწყობა, თუმცა სულ 60 ასეთი მანქანის გამოშვება მოხერხდა. Ford-A-ს ბაზაზე გორკის ქარხანა ასევე პიკაპს, ГАЗ-4 -ს უშვებდა, რომელიც ასევე არის წარმოდგენილი ჩვენს ავტომუზეუმში.

Ford-A-ს წარმოება მის წინამორბედთან შედარებით ნაკლებ ხანს - 1932 წლამდე გაგრძელდა, თუმცა გამოშვებული მანქანების საერთო რიცხვი - 4 858 644 მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება. თავდაპირველად ფორდი გაცილებით მეტი მანქანის გამოშვებას გეგმავდა, მაგრამ მოდელის წარმოების მეტი წილი რთულ პერიოდს - დიდ დეპრესიას დაემთხვა.

1929 წლის 29 ოქტომბერს მომხდარი საბირჟო კრახს ხანგრძლივი კრიზისი მოჰყვა, ავტომობილების რეალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, „ფორდის“ ქარხნებში მუშების ხელფასები განახევრდა, ათასობით მათგანმა საერთოდ დაკარგა სამსახური. 1932 წლის 7 მარტს ქარხნიდან დათხოვნილი მუშები ეკონომიკური მოთხოვნებით ქუჩაში გამოვიდნენ. პოლიციამ ქარხნის შეიარაღებულ დაცვასთან ერთად მათ ცეცხლი გაუხსნა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყველა ამ მძიმე მოვლენის მიუხედავად, ამავე 1932 წელს „ფორდმა“ ახალი მოდელების: Model B, Model 18, და Model 40 წარმოება წამოიწყო, ბოლო ორ მათგანზე ახალ, 8 ცილინდრიან ძრავას, V8 -ს აყენებდნენ.

fordA4

Ford-A -ს ფილმოგრაფია საკმაოდ მდიდარია, მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმებიდან შეიძლება გამოვყოთ Public Enemies (ჩვენთან ცნობილია, როგორც „ჯონი-დ“, 2009 წ.), „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“ (1981 წ.), „ქაღალდის მთვარე“ (1973 წ.), „გაჰყევი ოცნებას“ (Follow That Dream, 1962 წ.), სერიალში „შებინდების ზონა“.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მუზეუმში დაცული Ford-A ასევე კინოგადაღების მონაწილე გახლავთ. რესტავრაციამდე მის მინებზე ნატყვიარის საიმიტაციო სტიკერები იყო მიკრული, წინა ნაწილი კი გვარიანად იყო შეჭეჭყილი.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365