მოტოეტლი სმზ ს-3დ (Мотоколяска СМЗ С-3Д; Cyclecar SMZ S-3D)
მწარმოებელი | სერპუხოვის მოტოციკლების ქარხანა (СМЗ) |
მოდელი |
მოტოეტლი სმზ ს-3დ (Мотоколяска СМЗ С-3Д; Cyclecar SMZ S-3D) |
გამოშვების წლები | 1970 - 1997 |
ძარა |
2 კარი, კუპე (2 ადგილი), |
ტიპი |
4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი, ძრავის უკან განლაგებით |
ძრავა |
Иж-Планета-2, 1 ცილ. 2 ტაქტ. 346 კუბ.სმ, 12 ცხ.ძ. Иж-Планета-3, 1 ცილ. 2 ტაქტ. 346 კუბ.სმ, 14 ცხ.ძ. |
გადაცემათა კოლოფი | მექანიკური, 4 საფეხურიანი |
მაქს. სიჩქარე | 60 კმ./სთ. |
ავზის მოცულობა | 18 ლ. |
საწვავის ხარჯი | 7 ლ./100 კმ. |
გაბარიტები | 2825x1380x1300მმ. |
ტვირთამწეობა | 200 კგ. |
წონა | 498 კგ. |
მუზეუმში წარმოდგენილი მოტოეტლის შექმნის საჭიროება, სამამულო ომის დროს საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. გამარჯვების შემდგომ პირველ წლებში ომის ინვალიდებს გადასაადგილებელი ეტლიც კი არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი ოთხკუთხა ხის ყუთით გაადგილდებოდნენ, რომელსაც ბორბლებად საკისრები ჰქონდა.
1947 წელს ინვალიდებისთვის შეიქმნა ტრიციკლი КМЗ К-1В „კიევლიანინი“. ეს მექანიზმი ინდოელი რიკშას ეტლს წააგავდა, რომელიც საჭის ნაცვლად ბერკეტით იმართებოდა. ტრიციკლი 2,3 ცხ.ძ მქონე ძრავით გახლდათ აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე მძღოლს კარგი, სწორი გზის შემთხვევაში, სახლიდან უახლოეს მაღაზიამდე მისასვლელად თუ ჰყოფნიდა.
1952 წლიდან სერპუხოვის მოტოციკლების ქარხანამ ჯერ სამბორბლიანი, შემდეგ კი ოთხბორბლიანი ბრეზენტით გადახურული მოტოეტლების გამოშვება დაიწყო. მუზეუმში ექსპონირებული მოდელი - СМЗ С-3Д მოტოეტლის მესამე თაობას წარმოადგენს. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო.
მოტოეტლის დიზაინს საფუძვლად 1964 წელს სოფლის გზებისთვის დაპროექტებული მცირე ყველგანმავლის მაკეტი დაედო, რომელიც „ზაპოროჟეცის“ ძრავის საფუძველზე იქმნებოდა, თუმცა მოტოეტლისთვის მოტოციკლ „იჟ-პლანეტა-2-ის 12 ცხ. ძ. დეფორსირებული ძრავა გამოიყენეს. შემდგომში ის „იჟ-პლანეტა-3“ 14 ცხ. ძ. ძრავით შეცვალეს. მოტოეტლის მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ-ს არ აღემატებოდა.
პირველი С-3Д მხოლოდ 1970 წლის ივლისში გადაეცა მომხმარებელს. უკანასკნელი 300 მოტოეტლი კი 1997 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა კონვეირიდან. სულ С-3Д -ს 223 051 ეგზემპლიარია გამოშვებული.
ასეთ მოტოეტლებს ხალხმა „ინვალიდკა“ შეარქვა. ისინი სოცუზრუნველყოფის განყოფილებების მიერ რიგდებოდა სხვადასხვა კატეგორიის ინვალიდებზე 5 წლიანი ვადით. 2,5 წლის შემდეგ მფლობელს შეეძლო უფასოდ გაერემონტებინა ავისი მოტოეტლი, კიდევ 2,5 წლის შემდეგ კი ის ვალდებული იყო ის სოცუზრუნველყოფის სამსახურში ჩაებარებინა და სანაცვლოდ ახალი მოტოეტლი მიეღო.
მოტოეტლის სამართავად მძღოლს „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდებოდა (ისეთივე როგორიც მოტოროლებს და მოტოციკლებს), შეზღუდული შესაძლებლობების პირების მართვის სწავლების ორგანიზებას სოცუზრუნველყოფის სამსახურები უწევდნენ.
მთლიანობაში მოტოეტლი წარმოადგენდა წარუმატებელ კომპრომისს მინიავტომობილსა და მოტორიზებულ პროთეზს შორის, ძალიან ცუდი აეროდინამიკური მახასიათებლებით, ხმაურით, დიდი წონით და საწვავის ხარჯით, მაგრამ ჰქონდა დადებითი თვისებებიც: შემინვის დიდი ფართობის გამო კარგი ხილვადობა, მართვის სიმარტივე და რაც მთავარია, დიდი ადგილი სალონში ფეხების გასამართად, რაც აქტუალური იყო იმ ინვალიდებისათვის, რომელთაც არ შეეძლოთ ფეხის მოხრა ან იყვნენ პარალიზებულნი.
ეს მოტოეტლები 5 წლის ექსპლუატაციის შემდეგ ნადგურდებოდა, ამიტომაც დღეს ძალიან ცოტა მათგანია შემორრჩენილი და დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
© თბილისის ავტომუზეუმი. 2019