გაზ-69 (ГАЗ-69, GAZ-69)

მწარმოებელიგორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
მოდელიგაზ-69
(ГАЗ-69; GAZ-69)
გამოშვების წლები1952 – 1972
ძარა2 (4) კარი, 5 (8) ადგილი
ამძრავის ტიპი4 × 4, წინა ხიდის ხელით ჩართვა
ძრავაГАЗ-69, 4 ცილინდრი,
2120 კუბ. სმ, 55 ცხ. ძ.
გადაცემათა კოლოფიმექანიკური, 3 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე90 კმ./სთ.
ავზის მოცულობა40+17 ლ.
საწვავის ხარჯი14 ლ. / 100 კმ. (გზატკეცილზე)
გაბარიტები3850x1750x2030 (ГАЗ-69А -1920 მმ)
ტვირთამწეობა650 (425) კგ.
წონა1525 კგ.

თბილისის ავტომუზეუმის კოლექციიდან: გაზ-69 (ГАЗ-69, GAZ-69), ხალხში “კოლხოზნიკად” წოდებული.

გორკის ავტოქარხანაში გაზ-69-ის პროექტირებას 1946 წლიდან შეუდგნენ, გ. ვასერმანის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად საცდელ ნიმუშებს, რომლებიც 1948 წლისთვის დაამზადეს, „ტრუჟენიკი“ (მშრომელი) დაარქვეს. პირველი სერიული ეგზემპლიარი 1953 წლის 25 აგვისტოს ჩამოვიდა კონვეირიდან. ქარხანა თავიდანვე მანქანის ორ მოდიფიკაციას უშვებდა: 8 ადგილიან „სამხედრო“ გაზ-69-ს ორი კარით და „სასოფლო-სამეურნეო“ 5 ადგილიან, ოთხკარიან გაზ-69ა-ს, შედარებით კომფორტული დასაჯდომით.

გორკის ქარხანაში ამ ავტომობილს მხოლოდ 1956 წლამდე აწყობდნენ, 1954 წლის დეკემბრიდან კი პარალელურად წარმოება ულიანოვსკის ავტოქარხანაში დაიწყეს, რის გამოც მას ზოგჯერ უაზ-69-საც უწოდებენ. მანქანის წარმოება 1972 წლამდე გაგრძელდა. სულ ამ მოდელის 600 000 ავტომობილი გამოუშვეს. გარდა ამისა, მანქანის ტექნიკური დოკუმენტაცია ჩრდილო კორეას და რუმინეთს გადაეცა, სადაც მას 1975 წლამდე აწყობდნენ.

დეტალების დიდი ნაწილი „გაზის“ სხვა მოდელებიდან იყო „ნასესხები“: „პობედიდან“ – ძრავის სისტემა ტრანსმისიით, მუხრუჭები, ანთების სისტემა, ღუმელი, ხოლო გაზ-51-დან – ხელსაწყოები, ხელის მუხრუჭი და ფარები. თავისი წინამორბედისგან, გაზ-67ბ-გან მოდელმა წამყვანი ხიდები და საბურავები მიიღო. ამავე დროს იყო ბევრი ორიგინალური გადაწყვეტაც, როგორც უკანა ხიდის დაუბლოკავი დიფერენციალი, ტრანსმისია პირდაპირი გადაცემის გარეშე, ბორბლების დამოკიდებული რესორული დაკიდება და სხვა.

თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ახალი მანქანა ძლიერ, ეკონომიურ და სანდო ძრავას საჭიროებდა, რომელიც ძველი გაზ-მ20-ის ბაზაზე შექმნეს. მოდერნიზაციის შედეგად ძრავის სიმძლავრე 55 ცხ. ძ-მდე გაიზარდა. ძრავის გადახურებისგან დასაცავად დააყენეს ვენტილატორი და ზეთის რადიატორი. წინა მოდელთან, გაზ-67-თან შედარებით საგრძნობლად შემცირდა საწვავის ხარჯი. მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ-ს აღწევდა.

მანქანას ღია ძარა ჰქონდა, რომელზეც ბრეზენტის ტენტი იყო გადაჭიმული. კარების ზედა ნაწილზე სპეციალური ბრეზენტის ზესადებები მაგრდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდივიდუალური დაკვეთებით მზადდებოდა ასევე მანქანები ლითონის ხისტი სახურავით. გამოდიოდა ცალკეული მოდიფიკაციები სამხედრო უწყებისთვისაც, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები დანადგარით აღჭურვილი.

სოფლად მომუშავე მანქანებს მოსახლეობა ,,კოლხოზნიკს” ეძახდა. ასეთ მანანებს მხოლოდ ერთი უკანა დასაჯდომი ჰქონდა, ტევადი საბარგული, ასევე არ გააჩნდა დამატებითი 17 ლიტრიანი საწვავის ავზი.

როგორც წესი, ,,კოლხოზნიკებს” უკიდურესად მძიმე რეჟიმში უწევდნენ ექსპლუატაციას, ხოლო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ წლებში მათ საბრძოლო მანქანებად იყენებდნენ პრაქტიკულად ყველა ცხელ წერტილში, ამიტომაც საქართველოში გაზ-69-ს ამჟამად იშვიათად შეხვდებით.

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019