Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

Сitroen DS. ნაწილი 3

 

შეიძლება ითქვას, რომ Citroёn DS-მა შესამჩნევი კვალი არა მარტო მანქანათმშენებლობაში, არამედ კულტურაშიც დატოვა. მანქანის უჩვეულო დიზაინი ბევრი მხატვრისთვის, ფოტოგრაფისა თუ რეჟისორისთვის იქცა შთაგონების წყაროდ.

1957 წელს პრესტიჟულ მილანის ტრიენალეზე ვერტიკალურად შეყენებული "სიტროენი" წარმოადგინეს, ბორბლების გარეშე და გაბრტყელებული ძირით, რაც მას კიდევ უფრო ამსგავსებდა კოსმოსურ ხომალდთან. ბედის ირონიით, ფლამინიო ბერტონი, რომელიც პროფესიით ასევე მოქანდაკე და არქიტექტორი იყო, მთელი ცხოვრება უიმედოდ ოცნებობდა ამ ტრიენალეზე თავისი ნამუშევრის წარდგენაზე. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც გამოფენის დათვალიერებისას თავის მიერ შექმნილი მანქანა დაინახა. ამ ყველაფერთან ერთად, ნამუშევარმა გრან-პრი მოიპოვა.

როგორც თავად ბერტონი ხუმრობდა ხოლმე, კონსტრუქტორებმა DS-ს ბორბლები შეცდომით დაუყენეს - მას ჰაერში უნდა ეფრინა. არაა გასაკვირი, რომ სარეკლამო პლაკატებზე DS19-ს ხშირად ბორბლების გარეშე, ჰაერში მოცურავეს გამოსახავდნენ.

ცნობილმა ფილოსოფოსმა და კრიტიკოსმა, როლან ბარტმა "სიტროენს" ესსე მიუძღვნა, რომელსაც ასევე ერქვა: "ახალი სიტროენი". მასში ბარტმა მანქანას არც მეტი და არც ნაკლები, "ზეციური სამყაროს წარგზავნილი" უწოდა. ზოგიერთი ვერსიით, სწორედ ბარტმა გახადა საქვეყნოდ ცნობილი მეტსახელი "ქალღმერთი", მაგრამ სინამდვილეში მისი ავტორი კომპანიის სარეკლამო განყოფილების უფროსი, 25 წლის კლოდ პიუეში იყო. საინტერესოა, რომ ეს თამამდებობა მან 1954 წელს დაიკავა და იმთავითვე განაცხადა, რომ რეკლამაში არაფერი გაეგებოდა. მიუხედავად ამისა, კლოდმა პირველმა მიაქცია ყურადღება "DS" და «Deesse»-ს ხმოვანების მსგავსებას. შემდგომში, გამარტივებული ვერსიის - ID-ს გამოჩენისას მას იგივე პრინციპით "Idee" (იდეა) შეარქვეს.

Citroёn DS გამოსვლისთანავე მაშინდელი ბოჰემის - მხატვრების, მოდელიერების, მსახიობების საკულტო ავტომობილად იქცა. ჯინა ლოლობრიჯიდა (რომელიც რიგით მეორე Citroёn DS-ის მფლობელი გახდა), ბრიჯიტ ბარდო, როჟე ვადიმი, მარჩელო მასტროიანი, ალენ დელონი, მარსელ მარსო, ჟაკ ბრელი - შეუძლებელია ჩამოთვალო იმ დროის ყველა ვარსკვლავი, ვინც Citroёn DS -ით გადადგილდებოდა.

ds3 02

კინოვარსკვლავი ჯინა ლოლობრიჯიდა DS-ს არეკლამებს

 

ds3 03

ორი ქალღმერთი ერთ ფოტოზე: Citroen DS და ბრიჯიტ ბარდო

 

 ds3 03a

მსახიობი რომი შნაიდერი

 

ds3 04

ჟაკ ბრელი - პოეტი, მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი

 

ds3 05

ყველა დროის საუკეთესო "აგენტი 007" - შონ კონერი

 

DS 19 Prestige ემსახურებოდა ჯონ და ჟაკლინ კენედის პარიზში ვიზიტის დროს, ასეთივე მანქანით სარგებლობდა რომის პაპი იოანე XXII.

ds3 05a

ჟაკლინ კენედი პარიზში

რამდენიმე წლის წინ e-bay -ის აუქციონზე გაიყიდა ჰოტ-როდად გადაკეთებული 1964 წლის Citroёn DS, რომელიც თავის დროზე ამერიკელ როკ-ვარსკვლავს, ელის კუპერს ეკუთვნოდა. მასზე 400-ზე მეტი ცხ. ძ. სიმძლავრის ძრავია დაყენებული, გამოყენებულია Art Morrison-ის შასი, ჰიდრავლიკური დაკიდება კი გაძლიერებულია. სულ გადაკეთება 300 ამერიკულ დოლარამდე დაჯდა.

 ტრადიციულად, საფრანგეთის ყველა პრეზიდენტი მხოლოდ ფრანგული წარმოების ავტომობილებით გადაადგილდებოდა. Citroёn DS შარლ დე გოლის ფავორიტი მანქანა იყო, შემდგომში ის ჟორჟ პომპიდუსა და ვალერი ჟისკარ დ'ესტენსაც ემსახურებოდა.

შარლ დე გოლზე მისი ცხოვრების განმავლობაში 30-ზე მეტი თავდასხმა იყო განხორციელებული, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მისი სიცოცხლე 1962 წლის 22 აგვისტოს იმყოფებოდა. იმ პერიოდში დე გოლის მიერ ალჟირის დამოუკიდებლობის აღიარებით ბევრი იყო აღშფოთებული. სამხედროების ჯგუფმა მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. იმ საღამოს 2 ავტომობილისა და 2 მოტოციკლისტისგან შემდგარი პრეზიდენტის კორტეჟი ავიაბაზისკენ მიემართებოდა, საიდანაც დე გოლი გამოფრენას აპირებდა.

პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სერიულ, დაუჯავშნავ DS19-ში ისხდნენ. ათიოდე შეიარაღებულმა მეამბოხემ კორტეჟს სროლა აუტეხა. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე კორტეჟმა სიჩქარეს 120 კმ/სთ-მდე მოუმატა, რაც მსროლელთათვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა - იმ პერიოდში საფრანგეთის გზების მდგომარეობა ასეთი სიჩქარით სიარული საშუალებას არ იძლეოდა. რამდენიმე ტყვიამ უკანა მარჯვენა საბურავი გახეთქა, მაგრამ მძღოლმა ძარა მაქსიმალურად აწია და მანქანამ სამ ბორბალზე თავდამსხმელებს თავი დააღწია. ტერაქტის შედეგად დე გოლმა მხოლოდ თითი დაიზიანა ტანსაცმლიდან მინის ნამსხვრევების ჩამოფერთხვისას. უკვე ვერტმფრენზე ასვლისას მან წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: "ამ ვაჟბატონებს სროლა სულ არ სცოდნიათ".

საზეიმო ღონისძიებების დროს პრეზიდენტის DS19-ს სახურავს ხსნიდნენ, და დე გოლი ხალხს ფეხზე შემდგარი მიესალმებოდა.

ds3 06

DS19-ის გარდა საზეიმო ცერემონიებისთვის ხმარობდნენ ასევე ძველ Traction Avant-ს ატელიე Carrosserie Franay-ის მიერ შექმნილი ძარით, ასევე Citroen 15CV-ს ანრი შაპრონისეული ძარით.

1968 წელს ანრი შაპრონის ატელიემ სპეციალური დაკვეთით ლიმუზინი Citroen DS Presidentielle დაამზადა. შარლ დე გოლმა პირადად მოითხოვა, რომ მისი ლიმუზინი ამერიკის პრეზიდენტის Lincoln Continental-ზე გრძელი ყოფილიყო. მისი თხოვნა პირნათლად აღასრულეს - ლიმუზინის სიგრძემ 653 სანტიმეტრი შეადგინა, რაც "ლინკოლნის" სიგრძეს 13 სანტიმეტრით აღემატებოდა.

DS Presidentielle-ზე დააყენეს ძრავის გაძლიერებული გაგრილება, ასაკეცი სავარძელი თარჯიმანისთვის, მაცივარი, კონდიციონერი და იმდროინდელი მობილური კავშირის სისტემა - ინტერკომი. მოხვევის რადიუსი ისე იყო გათვლილი, რომ ლიმუზინს შეეძლო პირველივე მცდელობიდან შესულიყო ელისეის სასახლის ჭიშკარში და გაჩერებულიყო მთავარ შესასვლელთან. ამერიკულ ლიმუზინებს იგივე მანევრის ჩასატარებლად მინიმუმ სამჯერ ჭირდებოდათ უკან დახევა. მთელ ამ ტექნიკურ მოდერნიზაციასთან ერთად ავტომობილის ძრავა და ტრანსმისია უცვლელი დატოვეს - სერიული DS21-დან, რის გამოც პრეზიდენტის ლიმუზინი მაღალი სიჩქარით არ გამოირჩეოდა.

ds3 07

საბოლოოდ ლიმუზინის ბედი ერთმა პატარა დეტალმა გადაწყვიტა: დე გოლს გზაში მძღოლთან უყვარდა საუბარი, რის გამოც ვერ აიტანა კაბინის სალონისგან გამყოფი ტიხარი - ნებისმიერი ლიმუზინის სტანდარტული ატრიბუტი. ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტი სრულიად გულგრილი იყო ინტერკომის მაგვარი ტექნიკური სიახლეებისადმი, ამიტომ სულ მალე თავის ძველ Traction Avant-ს დაუბრუნდა.

საბჭოთა კავშირში "სიტროენი" იშვიათობა იყო, თუნდაც "მერსედესთან" შედარებით. ამის მიზეზი პირველ რიგში ჰიდროპნევმატური სისტემის მომსახურების სირთულე იყო - არანაირი საფირმო სერვის-ცენტრები აქ არ არსებობდა. სხვა უცხოური მანქანებისგან განსხვავებით, დადასტურებული ინფორმაცია DS/ID სერიის მოდელების "ვარსკვლავური" მფლობელების შესახებ თითქმის არ მოიძიება.

ds3 08

იშვიათი ფოტო - ნიკიტა ხრუშჩოვი საფრანგეთში. 1960 წ.

პირველი DS19 საბჭოთა კავშირში 1957 წელს ჩამოიყვანეს საავტომობილო კვლევით ინსტიტუტში (НАМИ) კონსტრუქციის შესწავლის მიზნით. მანქანის შემდგომ ბედზე მონაცემები არ მოიპოვება.

ცნობილია, რომ ლეონიდ ბრეჟნევის ავტოკოლექციაში იყო სპორტული კუპე Citroen SM 188 ცხ. ძ. Maserati-ს ძრავით, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, ბრეჟნევს პრეზიდენტმა ჟორჟ პომპიდუმ აჩუქა. ამავე დროს რუსეთის ერთ-ერთ ავტომუზეუმში ინახება მოდელი DS21 (ან DS23), რომელიც, მუზეუმის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ასევე პომპიდუმ აჩუქა ბრეჟნევს 1975 წელს. არადა ამ დროისთვის პომპიდუ უკვე 1 წლის გარდაცვლილი იყო, თანაც "სიტროენი" უკვე უშვებდა ახლა CX მოდელს - ვის მოაფიქრდებოდა საბჭოთა ლიდერისთვის 20 წლის წინ გამოშვებული მოდელის ჩუქება?

არსებობს ფოტო, რომელზეც Citroёn DS19-ის საჭესთან კოსმონავტი იური გაგარინია აღბეჭდილი, თუმცა გაურკვეველია, ვის ეკუთვნის ეს მანქანა. ამის გარდა, გაგარინის ერთ-ერთი ნაცნობი იხსენებდა, თუ როგორ დასეირნობდნენ მისი "სიტროენით", რამაც დაბადა ლეგენდა შარლ დე გოლის მიერ გაგარინისთვის ნაჩუქარი DS-ის შესახებ. ამავე დროს იგივე პიროვნება "სიტროენს" სპორტულ მანქანად მოიხსენიებს - შესაძლოა, სინამდვილეში საუბარი Matra-Bonnet Jet-ზე მიდის, რომელიც გაგარინს მართლაც გადასცა საჩუქრად ფრანგულმა ფირმამ.

კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, შავი ფერის Citroёn DS23 Pallas-ის მფლობელი ლეგენდარული ბალერინა, მაია პლისეცკაია იყო. ეს მანქანა ბალეტის ვარსკვლავს თითქოსდა ცნობილმა კუტურიემ, პიერ კარდენმა აჩუქა. დაუდასტურებელი მონაცემებით, 77-78 წლებში ეს ავტომობილი საქართველოში აღმოჩნდა, შემდგომი მისი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი.

საბჭოთა ბალეტის კიდევ ერთ ლეგენდას, გალინა ულანოვას, ასევე ჰყოლია რუხი ფერის DS, შავი სახურავით. დაუდასტურებელი მონაცემებით, 79-80 წლებში მაქანა ავარიაში მოხვდა, მისი შემდგომი ბედი ასევე უცნობია.

ds3 09

 Citroёn DS19 თბილისში, სასტუმრო "თბილისთან". ფოტოს ავტორი - ფრანგი მოგზაური ჯ. ბლონკური.

კინომატოგრაფისტების ყურადღება Citroёn DS-მა გამოშვების დაწყებისთანავე მიიპყრო. მის "კინოდებიუტად" 1956 წელს გამოსული ერიკ რომერის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, "კრეიცერის სონატა" შეიძლება ჩაითვალოს - ლევ ტოლსტოის მოთხრობის გათანამედროვებული კინოვერსია. კადრში სულ რამდენიმე წამით ჩნდება ავტოსალონის ვიტრინა, სადაც ორი DS19-ია გამოფენილი. მათ გარედან ათვალიერენ გამვლელები. ამავე დროს ფილმში ნაჩვენებ პარიზის ქუჩებში ეს მოდელი ჯერ კიდევ არ გვხვდება.

ds3 10

კადრი ერიკ რომერის ფილმიდან "კრეიცერის სონატა" (1956)

ყველა ფილმის, სერიალის თუ კლიპის ჩამოთვლა, რომელშიც DS/ID სერიის მოდელებია გადაღებული, უბრალოდ შეუძლებელია. ზოგიერთ ფილმში "ქალღმერთი" ერთ-ერთ მოქმედ პირადაც კი გვევლინება. ეკრანებზე 1974 წელს გამოსულ ბერტრან ბლიეს გახმაურებულ ფილმში "Les valseuses" (კინოცნობარებში იხსენიებენ როგორც "ვალსის მოცეკვავეებს", თუმცა ამ ჟარგონულ გამოთქმას უფრო "მახათით მოთამაშეები" შეესაბამება). ფილმში მოქმედება სწორედ მთავარი გმირების მიერ Citroёn DS-ის გატაცებით იწყება.

ds3 11

"Les valseuses". ჟერარ დეპარდიე და პატრიკ დევაერი.1974 წ.

1969 წელს გამოსულ კინოკომედიაში "Le cerveau" ("ტვინი", ან "სუპერტვინი") დევნის სცენაში "სიტროენი" შუაზე იპობა, მაგრამ ფილმის გმირები (ბელმონდოსა და ბურვილის შესრულებით) მანქანის წინა ნაწილით აგრძელებენ გზას. ეს რა თქმა უნდა ავტორისეული ფანტაზია იყო, თუმცა არც რეალობისგან მთლად მოწყვეტილი: წინა წამყვანი თვლების წყალობით "სიტროენის" (ყოველ შემთხვევაში, ID ვერსიის) წინა ნაწილს მართლაც შეეძლო გარკვეული მანძილის დამოუკიდებლად გავლა.

ds3 12

კომედია "Le cerveau" ("ტვინი", ან "სუპერტვინი"). 1969 წ.

"სიტროენის" უჩვეულო აეროდინამიური ფორმა ფილმის ავტორებს ახალი კინოტრიუკების იდეას აწვდიდა: 1966 წელს გამოსულ ფილმში ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით "Le Grand Restaurant" (საბჭოთა გაქირავებაში "ბატონ სეპტიმის რესტორანი") "სიტროენი" სანაპიროდან მდინარეში გადაეშვება და ამფიბიასავით დაცურავს.


კინოეკრანზე "სიტროენს" არა მარტო ცურვა, მას ფრენაც შეეძლო - როგორ შეიძლება არ გავიხსენოთ ფანტომასის მფრინავი ავტომობილი? 1965 წელს ეკრანებზე გამოვიდა ტრილოგიის მეორე ფილმი - "ფანტომასი აბობოქრდა", რომლის ფინალშიც ეს მოუხელთებელი ბანდიტი პოლიციას ხელიდან მფრინავი "სიტროენის" მეშვეობით დაუსხლტება.

ფანტომასზე ფილმების სერია ძველი დეტექტიური რომანის კომედიურ კინოვერსიად იყო ჩაფიქრებული. თავად საფრანგეთში "ფანტომასს" დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, მაგრამ საბჭოთა კავშირში ის საკულტო ფილმად იქცა ყველა ასაკის, ეროვნებისა და მრწამსის ადამიანისთვის. ფილმმა, რომლის ჩვენების უფლება ფრანგებისგან რამდენიმე ავტომანქანის ფასად შეიძიმეს, ბიუჯეტში 250 მილიონი იმდროინდელი მანეთი შემოიტანა.

ds3 13

"ფანტომასი აბობოქრდა" - მფრინავი "სიტროენი". 1965 წ

საბჭოთა მაყურებლების დიდ ნაწილს Citroёn DS არასოდეს ენახე, ამიტომ ბევრმა ის სპეციალურად ფილმისთვის შექმნილ ავტომობილად ჩათვალა - სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი ფანტასმაგორიული ავტომობილით შეიძლებოდა სამსახურში სიარული ან ქალაქგარეთ ოჯახის წაყვანა.

რასაკვირველია, დღევანდელი გადასახედიდან "მფრინავი ავტომობილი" საკმაოდ პრიმიტიულ სპეცეფექტების მეშვეობით იყო შექმნილი: ძარის ქვეშ ბუტაფორული ფრთები იყო დამაგრებული, უკან - კუდი და რეაქტიული ძრავის იმიტატორი პიროტექნიკული პატრონით. მანქანის ფრენა უხეირო კომბინირებული გადაღების მეშვეობით იყო ნაჩვენები, აფრენის მომენტში კი ფანტომასი სინამდვილეში სალონის ღუმელის სახელურებს ეთამაშებოდა.

აბა ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ "სიტროენს" ფრენა 25 წლის შემდეგაც მოუწევდა - 1989 წელს გამოსულ საკულტო ამერიკულ ფილმის, Back to the Future ("უკან, მომავალში") მეორე ნაწილში. ფილმის გმირები დროის მანქანით იმ ხანად შორეულ 2015 წლის 21 ოქტომბერს გადაინაცვლებენ. მომავლის ქალაქში Citroёn DS-ის ბაზაზე შექმნილი ყვითელი მფრინავი ტაქსი გვევლინება. ასეთი ტაქსით დაბერებული არამზადა, ბიფ ტანენი მთავარი გმირების "დროის მანქანას" მისდევს.

ds3 14

Back to the Future II (1989 წ.). მფრინავი ტაქსი - ფილმში და მუზეუმში

90-იან წლების განმავლობაში ეს ავტომობილი ყველასგან მიტოვებული იდგა "უნივერსალ სტუდიოს" ტერიტორიაზე, 2003 წელს კი ის ჰოლანდიელმა კოლექციონერმა, მიჩიელ საბლეროლემ შეიძინა და სრული რესტავრაცია ჩაუტარა. კოლექციონერის თქმით, მას ყოველთვის უკვირდა, თუ რატომ შეარჩიეს ფილმის შემქმნელებმა მომავლის ტაქსისთვის ესოდენ ძველი მოდელი, რომელსაც ზუსტად იმ 2015 წელს 60 წელი უნდა შესრულებოდა.

Citroёn DS-ის 60 წლის იუბილე 2015-ში მართლაც იზეიმეს. 19 მაისიდან პარიზში დაიწყო ამ იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის კულმინაციად დედაქალაქის ქუჩებში ჩატარებული DS-ების აღლუმი გახდა. მასში მთელი მსოფლიოდან თავმოყრილმა 700-მა სიტროენმა მიიღო მონაწილეობა.

ds3 15

 

ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ კვლავ აღდგენილი ბრენდი DS ემიჯნება "სიტროენს" და მისგან განსხვავებით, აქცენტს მაღალი კლასის ავტომობილებზე აკეთებს. დღეს ამ ბრენდით უშვებენ ძვირადღირებულ, რესპექტაბელურ ავტომობილებს ულტრათანამედროვე დიზაინით, თუმცაღა ძველ "ქალღმერთთან" სახელის გარდა მათ საერთო თითქმის არაფერი აქვთ.

ds3 16

 Citroёn DS და ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავი Concorde

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365