Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

ყველასთვის ნაცნობი უცნობი დიზელი

ძნელია დღესდღეობით იპოვო ადამიანი, რომელსაც არაფერი სმენია დიზელის ძრავის, ან დიზელის საწვავის შესახებ. ამავე დროს არც ისე ბევრმა იცის, თუ რატომ დაერქვა ამ ტიპის ძრავას დიზელი - ეს გამომგონებლის გვარი გახლავთ.

რუდოლფ დიზელი 1858 წელს პარიზში, გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. რუდოლფი 12 წლის იყო, როდესაც საფრანგეთსა და პრუსიას შორის გაჩაღებული ომის გამო ოჯახმა ინგლისს შეაფარა შავი, თვითონ რუდოლფი კი ბიძასთან, გერმანიაში გადააგზავნეს. სწორედ გერმანიაში მიიღო მან განათლება. ბავარიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მისი ერთ-ერთი პედაგოგი ცნობილი ინჟინერი, პროფესორი კარლ ლინდე იყო, რომელიც სამაცივრო დანადგარების შექმნაზე მუშაობდა.

diesel01

ახალგაზრდა რუდილფი თერმოდინამიკამ გაიტაცა, ის სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ მხოლოდ ენერგიის ახალი წყაროების ათვისებას ძალუძს სამყაროს შეცვლა. შემდგომში კარლ ლინდემ თავისი წარჩინებული სტუდენტი საკუთარ კომპანიაში მიიწვია სამუშაოდ, თანაც იმთავითვე დირექტორის თანამდებობაზე. დიზელი სამაცივრო დანადგარის სრულყოფით იყო დაკავებული, ასევე, თერმოდინამიკის კანონებზე დაყრდნობით, სრულიად ახალი ძრავის შექმნას ცდილობდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს მომხდარი აფეთქებისას დიზელი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს, მხედველობა კი სამუდამოდ დაუქვეითდა. გამოჯანმრთელებისთანავე ლინდემ ის ბერლინის ფილიალის ხელმძღვანელად მიიწვია.

ამ დროისთვის დიზელი ახალმა იდეამ შეიპყრო, რომელიც მას შემდეგ დაებადა, რაც პნევმატური სანთებელა ნახა: მინის ცილინდრში მოთავსებული დგუში კუმშავდა ჰაერს, რაც პატრუქის აალებას იწვევდა.დიზელმა შეკუმშვისას ჰაერის გახურების ფენომენი საწვავის აალებისთვის გამოიყენა. 1893 წელს მან თავის ძრავაზე პირველი პატენტი მიიღო და მას "ატმოსფერული აირის ძრავა" უწოდა - გამომგონებლის გვარი დასახელებაში სულაც არ ფიგურირებდა. 1897 წლის დასაწყისში რუდოლფ დიზელმა თავისი ძრავის პირველი მომუშავე ეგზეპლიარი წარმოადგინა. მისი სიმაღლე 3 მეტრს აღემატებოდა, სიმძლავრე - 20 ცხენის ძალას. მარგი ქმედების კოეფიციენტი 30% შეადგენდა, მაშინ როდესაც ნიკოლას ოტტოს მიერ 1863 წელს შექმნილი ბენზინის ძრავისთვის ის 15% არ აღემატებოდა.

diesel02

ამასთან ერთად, დიზელის ძრავა ძვირადღირებული ბენზინის ნაცვლად მაზუთსა დ სოლარის ზეთზე მუშაობდა. გამომგონებელი ასევე საწვავად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გამოყენებაზე ოცნებობდა - დღევანდელ მანქანათმშენებლობაში ეს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად არის მიჩნეული.

თავდაპირველად დიზელის ძრავებს საწარმოებსა და ელექტროსადგურებში იყენებდნენ, შემდეგ მათ ტრანსპორტზეც გადმოინაცვლეს - ჯერ გემებზე, შემდეგ ლოკომოტივებსა და ტრამვაიზე. ახალი საუკუნის პირველ ათწლეულში დიზელი თავისი ძრავის კომპაქტური ვერსიის შექმნას ცდილობდა ავტომობილებზე დასაყენებლად. სამწუხაროდ, ზომების შემცირებასთან ერთად კლებულობდა ასევე ძრავის საიმედოობა, მრავალრიცხოვანი ექსპერიმენრები მარცხით სრულდებოდა. ამ იდეის ხორცშესხმა მხოლოდ გამომგონებლის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ მოხერხდა.

თავად რუდოლფ დიზელის ცხოვრება მისი ძრავის ფართოდ დანერგვის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. 40 წლის ასაკში ის უკვე მდიდარი და წარმატებული ადამიანი იყო, მას დიდი ზარ-ზეიმით ხვდებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში. ამავე დროს სამშობლოში - გერმანიაში მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კომპანია იყო გაჩაშებული, რომლის მიღმა გერმანელი ნახშირის მწარმოებელი მაგნატები იდგნენ - მათ შიდაწვის ძრავის ფარშო გავრცელების გამო მნიშვნელოვანი ზარალი ნახეს. "მენახშირეთა" მიერ დასპონსორებული მეცნიერები დიზელს ბრალად სდებდნენ არაკომპეტენტურობას, სერიოზულ ტექნიკურ შეცდომებს.

diesel06

რუდოლფ დიზელი და თომას ედისონი

ამავდროულად შეირყა დიზელის ფინანსური მდგომარეობაც - მისი მრავალმილიონიანი ქონება ეკონომიურმა კრიზისმა და გაუმართლებელმა კომერციულმა "თამაშებმა" შეიწირეს. ერთ დროს წყნარი და გაწონასწორებული რუდოლფი ნერვიულ და ეჭვიან ადამიანად იქცა. გამომგონებლის მეუღლე იძულებული გახდა, დახმარებისთვის ფსიქიატრებისთვის მიემართა.

1913 წლის წლის შემოდგომაზე რუდოლფ დიზელი საფოსტო გემით ინგლისში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე ლექცია უნდა წაეკითხა. საღამოზე მან სტიუარდს სთხოვა, რომ დილით ადრე გაეღვიძებინა. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. გამომგონებლის გაუჩინარებამ პრესაში იმთავითვე დიდი აყალ-მაყალი გამოიწვია. გამოითქვა გამომგონებლის დაღუპვის რამდენიმე ვერსია - თვითმკვლელობა, მოულოდნელი გულის შეტევა, სიმთვრალე, მაგრამ ვერც ერთი მათაგანი საბოლოოდ ვერ დადასტურდა.

არ გამოიყურებოდა დამაჯერებლად არც გერმანული სპეცსამსახურების მიერ გამომგონებლის ლიკვიდაციის ვერსიაც - დაღუპვის მომენტისთვის მისი ძრავა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მის სრულყოფაზე ათასობით ინჟინერი მუშაობდა, ამდენად დიზელის ინგლისში გამგზვრება გერმანიის უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნიდა. არსებობს ასევე ვერსია, რომ დიზელმა თავად მოაწყო საკუთარი დაღუპვის ინსცენირება - მისი მნიშვნელოვანი საკრედიტო დავალიანების გათვალისწინებით არც ეს ვერსიაა საფუძველს მოკლებული.

პირველი სატვირთო ავტომანქანა დიზელის ძრავით კომპანია "მერსედესმა" 1923 წელს წარმოადგინა. 1924 წელს კომპანია MAN-მა ბერლინის მოტორშოუზე გამოიტანა პირველი სატვირთო მანქანა, რომლის ძრავაში ცილინდრში საწვავის უშუალო შეპკურება იყო გამოყენებული. ამ სიახლის წყალობით შესაძლებელი გახადა კომპრესიის მნიშვნელოვანი შემცირება და შესაბამისად, ძრავის დაპატარავება.

diesel03

პირველი მსუბუქი ავტომანქანა დიზელის ძრავით 1933 წელს გამოშვებული ფრანგული Citroën's Rosalie იყო, მაგრამ პირველ წარმატებულ მოდელად შეიძლება 1936 წელს გამოშვებული Mercedes-Benz Type 260D ჩაითვალოს. სუსტი გაწევისა და დაქოქვის სირთულის მიუხედვად, ეს მანქანა ჯეროვნად დააფასეს ტაქსისტებმა: დიზელის საწვავი ბენზინთან შედარებით მათ ერთნახევარჯერ იაფი უჯდებოდათ. მას შემდეგ გერმანიაში ტაქსებად მეტწილად დიზელის ძრავიან მოდელებს ხმარობენ.

diesel04

პირველი ამერიკული მსუბუქი ავტომანქანა დიზელის ძრავით 1934 წელს გამოშვებული Studebaker იყო, მაგრამ ფართო გავრცელება დიზელურმა მანქანებმა აქ მხოლოდ 1973 წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ მოიპოვეს. 80-იან წლებში, როდესაც საწვავის ფასი დასტაბილურდა, დიზელურ ავტომობილებზე მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო. ამჟამად ამერიკაში დიზელის ძრავით ძირითადად დიდ პიკაპებსა და ფურგონებს უშვებენ, მსუბუქი მანქანები კი იშვიათობაა.

diesel05

ევროპის ქვეყნებში, სადაც 90-იან წლებში დიზელური მსუბუქი მანქანების წილი 14% შეადგენდა, 2015 წლისთვის ამ რიცხვმა 50%-ს გადააჭარბა. ბოლო ხანს კონსტრუქტორებმა შეძლეს დიზელის ძრავის ძირითადი ნაკლოვანებების დაძლევა - მეტწილად ეს მომატებულ ხმაურსა და ვიბრაციას ეხება. იქმნებოდა ყველა წინაპირობა ასეთი მანქანების წილის შემდგომი ზრდისთვის, მაგრამ ისევე, როგორც ასიოდე წლის წინ, დიზელის ძრავას კვლავ გამოუცხადეს ომი.

2015 წელს კონცერნ "ფოლკსვაგენს" ბრალად ეკოტესტების ფალსიფიკაცია დასდეს - ეჭვქვეშ დადგა დიზელის ძრავის გარემოსთვის ნაკლები მავნებლობა. "დიზელგეიტად" წოდებული სკანდალის შედეგად მოიხსნა ადრე დაწესებული შეღავათები დიზელური ავტომობილების მფლობელთათვის.

ბოლო წლებში გერმანიაში მიღებულ იქნა საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ზღუდავენ ძველი გამოშვების დიზელური ავტომობილების ექსპლუატაციას. ქალაქ შტუდგარტის ადმინისტრაციამ ამგვარი მანქანების მოძრაობაზე საგრძნობი შეზღუდვები შემოიღო. მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს პარიზში, ოსლოში და ევროპის რიგ სხვა ქალაქებში.

ამავე დროს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში "დიზელგეიტის"  შემდეგ დიზელურ მანქანებზე მოთხოვნა უკლებლივ იზრდებოდა. მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით, უკრაინაში მათი წილი 38,5% შედგენდა, თუმცა 2019 წელს ამ რიცხვმა მოიკლო, რაც ჰიბრიდული მანქანებისა და ელექტრომობილების პოპულარობის ზრდით აიხსნება.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365