Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

 ''პობედა'' გაზ მ20 ("Победа" ГАЗ М20; "Pobeda" GAZ M20)

 

 Pobeda01

 

 მწარმოებელი გორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
 მოდელი

გაზ მ20 ''პობედა''; (ГАЗ М20 "Победа"; GAZ M20 "Pobeda")

 გამოშვების წლები 1946 - 1958
 ძარა 4 კარი, ფასტბეკი
 ტიპი

4 × 2, უკამა წამყვანღერძიანი

 ძრავა

ГАЗ М20,  4 ცილ. 2112 კუბ.სმ. 52 ცხ.ძ.

 გადაცემათა კოლოფი მექანიკური, 3 საფეხურიანი
 მაქს. სიჩქარე 130 კმ./სთ.
 ავზის მოცულობა 55 ლ.
 საწვავის ხარჯი 14,5 ლ. / 100 კმ.
 გაბარიტები 4665x1695 x1590 მმ.
 ტვირთამწეობა 500 კგ.
 წონა 1460 კგ.

 

 დიდი სამამულო ომის შემდეგ გორკის ქარხნის მიერ გამოშვებულ პირველ მანქანას - "პობედას" არაერთი მითი და ლეგენდა უკავშირდება. მათი უდიდესი ნაწილი ავტომობილის შექმნის ისტორიას ეხება. 1943 წლის 3 თებერვალს, ზუსტად სტალინგრადის ბრძოლის დასრულებისთანავე, ქარხნის მთავარმა კონსტრუქტორმა, ა. ლიპგარტმა ხელმძღვანელობას წარუდგინა ახალი მოდელების პროექტები, რომელთა შორის იყო М-25 - ასეთი ინდექსი ჰქონდა მინიჭებული მომავალ "პობედას". ქარხანა იმ დროს სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე იყო გადასული და სამცვლიან რეჟიმში მუშაობდა.

pobeda09

გორკის ქარხნის მთავარი კონსტრუქტორი ა. ლიპგარტი "პობედას"
საცდელ ეგზემპლიართან, "სამსართულიანი" რადიატორის გისოსით.

ახალი მანქანის პროექტის განხილვა ჯერ კიდევ 1941-1942 წ. ზამთარში დაიწყო, თუმცა "წვეთისებრი" ფორმის ძარის პირველი ესკიზები ქარხანაში 1938 წელს შეიქმნა. 1941 წლის ბოლოს კონსტრუქტორებს ხელში ჩაუვარდათ ბრძოლაში მოპოვებული გერმანული Opel Kapitan - 1939 წლის მოდელი მზიდი ძარით და ექვსცილინდრიანი 55 ცხ. ძ. ძრავით. კონსტრუქტორებმა იმთავითვე უარი თქვეს ძარის დიზაინის პირდაპირ კოპირებაზე, თუმცა "ოპელიდან" პრაქტიკულად უცვლელად გადმოიტანეს ძარის "ჩონჩხი", წინა დაკიდება და ზოგიერთი სხვა კვანძი.

pobeda07

 1939 წლის Opel Kapitan

ძარას უფრო თანამედროვე აეროდინამიური ფორმა შესძინეს, გამოშვერილი ფრთების გარეშე (დღევანდელი კლასიფიკაციით - "ფასტბეკი"). თავდაპირველად უკანა კარები, როგორც "ოპელზე", მოძრაობის საწინააღმდეგოდ იღებოდა, თუმცა შემდგომში ისინი "შემოატრიალეს". მანქანაზე 55 ცხ. ძ. ექვსცილინდრიანი ძრავის, ГАЗ-11-ის დაყენება იგეგმებოდა, მისი შეკვეცილი, ოთხცილინდრიანი ვარიანტი კი ტაქსოპარკებისთვის იყო გათვალისწინებული. ამ ვერსიას ჩვენთვის უკვე ნაცნობი ინდექსი, М-20 მიანიჭეს.

1944 წლის ზაფხულისთვის დაამზადეს ხის სადემონსტრაციო მაკეტი, ხოლო 6 ნომბერს გამოცადეს პირველი მოსიარულე პროტოტიპი - ექვსცილინდრიანი ვარიანტი М-25, რომლის უკანა კარები ჯერ კიდევ მოძრაობის საწინააღმდეგოდ იღებოდა. საბოლოო სახემდე მიყვანილი პროტოტიპი მხოლოდ 1945 წლის დასწყისში დაამზადეს, ეს იყო ოთხცილინდრიანი М-20.

pobeda08

"პობედას" ერთ-ერთი პირველი საცდელი ეგზემპლიარი

ქარხანას პრაქტიკულად არ გააჩნდა ინტერიერის მოპირკეთებაზე მომუშავე საამქროები, ამიტომ პირველი პროტოტიპებისთვის ლენდ-ლიზით მოწოდებული უცხოური მანქანების ინტერიერის გამზადებულ დეტალებს იყენებდნენ. შიდა სივრცის მოპირკეთებაზე მომუშავე ლაბორატორია მხოლოდ 1945 წლის დასაწყისში შეიქმნა.

ყველაზე ფართო გავრცელება ჰპოვა ლეგენდამ ახალი მანქანის სახელის შერჩევის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილს თავიდან "როდინა" ერქვა. როდესაც მანქანა სტალინს წარუდგინეს, მან იკითხა: "მერე რა ფასად აპირებთ "როდინას" (ანუ "სამშობლოს") გაყიდვას?". ბელადის ამგვარი ხუმრობა ქარხნის ხელმძღვანელობას კარგს არაფერს უქადდა, ამიტომ მანქანისთვის სასწრაფოდ "პობედა" დაურქმევიათ. დღეს უკვე ვეღარავინ გვეტყვის, ნამდვილია ეს ამბავი, თუ მხოლოდ ლამაზი ლეგენდაა. არსებობს ვერსიები, რომ მანქანას თავიდანვე "პობედა" ერქვა, "როდინა" კი სულ სხვა პროექტის სახელი იყო (შესაძლოა, ГАЗ-21-ის ადრეული პროტოტიპის).

pobeda06

1947 წლის 28 მარტი. იოსებ სტალინი კრემლში წარდგენილ "პობედას" ეცნობა

ერთი რამ კი არის ცნობილი: სტალინს მანქანა არ მოეწონა, განსაკუთრებით კი გააღიზიანა ექვსცილინდრიანი ძრავის გამოყენების იდეამ. ქვეყანაში მართლაც გამწვავებული იყო საწვავის კრიზისი, მაგრამ იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ასეთი მძლავრი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი თავისი მახასიათებლებით სამთავრობო ЗИС-110 -ს უახლოვდებოდა, ეს კი ქვეყანაში ჩამოყალიბებულ მკაცრ "ავტოიერარქიას" ყირამალა აყენებდა.

Pobeda03

არაა გამორიცხული, რომ სწორედ სტალინის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება გახდა პროექტის ექვსცილინდრიანი ვერსიის დახურვის მთავარი მიზეზი. შემდგომში, 1956-1958 წლებში ქარხანამ ექვსცილინდრიანი "პობედა" მცირე რაოდენობით მაინც გამოუშვა, თუმცა "ზიმის" - ГАЗ-12 ძრავით. ეს იყო ГАЗ-20Г - ე. წ. "მწევარი" მანქანა, რომელიც მხოლოდ სპეცსამსახურებისთვის იყო განკუთვნილი. გარეგნულად ეს მანქანა სერიული "პობედისგან" არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ მისი სიჩქარე 132 კმ/სთ-ს აღწევდა, 100 კმ/სთ-ს კი 30 წმ-ში აღწევდა (სერიული "პობედის" სიჩქარე 105 კმ/სთ-ს არ აღემატებოდა).

დღემდე შეიძლება მოკრათ ყური საუბრებს "პობედის" აწყობის არაჩვეულებრივ ხარისხის შესახებ. სინამდვილეში მანქანების მეტ-ნაკლებად მისაღებ ხარისხს ქარხანამ მხოლოდ რამდენიმე წელიწადში მიაღწია. პირველ "პობედებს" ფაქტიურად ხელით აწყობდნენ, ძარის უხეშ დეფექტებს კი ტყვიით რჩილავდნენ - აქედან კიდევ ერთი მითი, რომ "პობედის" ძარა ტყვიის ფენით იყო დაფარული.

Pobeda02

1946 წლის განმავლობაში ქარხანამ მხოლოდ 23 მანქანის გამოშვება შეძლო. მასობრივი წარმოების დაწყება მარტო 1947 წლიდან მოახერხეს, თუმცა მანქანების ექსპლუატაციის განმავლობაში უამრავი დეფექტი ვლინდებოდა.

1948 წლის ოქტომბერში ქარხანა იძულებული გახდა, კონვეიერი შეეჩერებინა (თუმცა ცალკეული ავტომობილების გამოშვება მაინც გრძელდებოდა). სრული დატვირთვით კონვეიერმა მხოლოდ 1949 წლისთვის განაახლა მუშაობა, მას შემდეგ, რაც ქარხანამ ძირითადი დეფექტების აღმოფხვრა შეძლო. ამ დროიდან გამოშვებულ მანქანებს "მეორე სერიას" უწოდებენ.

pobeda11

თითქმის ყველა წყარო პირველი სერიის მანქანებს მეორესგან "სამსართულიანი" რადიატორის გისოსის მიხედვით განასხვავებს - პირველ მანქანებზე გისოსის ქვედა ორი ზოლი მოხვევის მაჩვენებლების ქვეშ იყო გადასული. სინამდვილეში უკვე 1947 წლის გაზაფხულიდან, ჯერ კიდევ პირველი სერიის ფარგლებში, გისოსი "ორსართულიანი" გახდა. ამდენად, "სამსართულიანი" გისოსით სულ რამდენიმე ათეული მანქანა გამოშვება მოესწრო. დღეისთვის არცერთი მათგანი აღარაა შემორჩენილი.

pobeda10

კადრი კინოკომედიიდან "გაზაფხული" ("Весна", 1947).
ერთ-ერთი პირველი სერიული "პობედა" რადიატორის "სამსართულიანი" გისოსით.

მეორე სერიის "პობედას" დაემატა ღუმელი საქარე მინის გათბობით. მოდერნიზირებული იყო გადაცემათა კოლოფი, ხოლო 1950 წლიდან დაიწყეს "ზიმის" გადაცემათა კოლოფის დაყენება, საჭესთან განლაგებული სახელურით. 1955 წლიდან ძრავის სიმძლავრე 52 ცხ. ძ-მდე გაზარდეს.

ამავე წელს ქარხანა "პობედის" ბოლო, მესამე სერიის გამოშვებას შეუდგა. კარდინალურად შეიცვალა რადიატორის გისოსის დიზაინი, რადიომიმღები მანქანის სტანდარტულ აქსესუარად იქცა, სახურავზე დააყენეს ანტენა, შეიცვალა წინა ხიდის კონსტრუქცია, მოდერნიზაცია შეეხო კარბიურატორს, ჰაერის ფილტრს, საჭეს. ხელსაწყოთა პანელის წითელი შეფერილობა ყავისფერით შეცვალეს.

pobeda14

ბოლო "პობედა" ქარხნის კონვეიერიდან 1958 წლის 30 მაისს ჩამოვიდა და მაშინვე ქარხნის მუზეუმში გადაინაცვლა. ამ დროისთვის (1956 წლიდან) ქარხანამ პარალელურ რეჟიმში ახალ მოდელის, "ვოლგა" ГАЗ-21-ის წარმოება აითვისა. სულ გორკის ქარხანამ სხვადასხვა მოდიფიკაციის 241 497 "პობედა" გამოუშვა.

pobeda12

გავრცელებულია ასევე მითი "პობედის" ძარის არაჩვეულებრივი აეროდინამიკის შესახებ. სინამდვილეში მანქანის აეროდინამიკა იდეალური სულაც არ ყოფილა. "წვეთისმაგვარი" ფორმა ძარის თავზე აღმავალ ჰაერის ნაკადს წარმოშობდა, რაც გზის ზედაპირთან შეჭიდულობას ამცირებდა - შემდგომში ძარის ამგვარ ტიპზე მთელ მსოფლიოში ითქვა უარი. დიდი სიმაღლის გამო მანქანა ზედმეტად მგრძნობიარე იყო გვერდითი ქარის მიმართ, საერთო სურათს კი საბოლოოდ აფუჭებდა ვერტიკალურად ამოშვერილი უკანა ნომრის ნიშანი, რომელიც შესამჩნევ ტურბულენტურ ნაკადებს წარმოშობდა.

pobeda04

ტაქსოპარკებში პირველი "პობედები" გამოშვებისთანავე, 1946 წელს გამოჩნდა, თუმცა მათი მასობრივად გამოყენება 1947 წლიდან დაიწყო. 1949 წლიდან ქარხანამ სპეციალური მოდიფიკაციის - М-20А წარმოება დაიწყო, რომელიც მრიცხველით და მწვანე სანათით იყო აღჭურვილი. სულ ქარხანამ 37 492 ცალი "პობედა-ტაქსი" გამოუშვა, მათი ექსპულატაცია 1962 წლის ჩათვლით გრძელდებოდა.

pobeda13

ტაქსების "ბირჟა" რუსთაველის განზირზე. 1950 წელი.
დავით საბელაშვილის ფოტო. ფოტოს მფლობელია ფრიდონ გეგეშიძე

უნდა ითქვას, რომ ბევრი მძღოლი სულაც არ ჩქარობდა ახლახან გამოშვებულ "ვოლგებზე" გადაჯდომას. "პობედას" ისინი როგორც "მუშა მაქანას" მოიხსენიებდნენ, "ვოლგას" კი "სტილიაგას" ეძახდნენ.

pobeda05

"პობედის" შესახებ დღეს უამრავი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია შეიძლება მოიძიოთ, თუმცა არავინ დავობს ამ მანქანების საოცარი გამძლეობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესახებ - მუშა მდგომარეობაში მყოფი ათასზე მეტი "პობედა" დღემდე არის შემონახული.

 

 

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365